თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მოდის სააგენტო Geomodels Agency ახალ სახეებს ეძებს, რასთან დაკავშირებითა მილანის სააგენტოსთან Brave Model Management თბილისში 17 იანვარს გრანდიოზული კასტინგის გამართვას გეგმავს.
Geomodels Agency-ს დირექტორია ცნობილი ქართველი მოდელი და თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე. მსოფლიო პოდიუმებზე მოხვედრა ბევრმა ქართველმა მოდელმა სწორედ თაკო ჩხეიძის წყალობით შეძლო.
მთელი საქართველოს გოგონებს, რომლებსაც კარგი გარეგნობა გააჩნიათ და სამოდელო კარიერაზე ოცნებობენ, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კასტინგში, რომელიც, გამორიცხული არ არის, მათი ცხოვრების ბედნიერი ბილეთი გახდება.
„გოგონებს გაუჩნდებათ შანსი გახდნენ პოპულარულები ადგილობრივ ბაზარზე, მიიღონ მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულში ცნობილ, წამყვან დიზაინერებთან ერთად, ხოლო საუკეთესო მოდელი ჟურნალ Nargis Magazine-ს გარეკანს დაამშვენებს“, — განაცხადა ჩხეიძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
ინდივიდუალური და საინტერესო სახეები — სწორედ ასეთი გარეგნობის მქონე გოგონებს ეძებს ჩხეიძე. მან აღნიშნა, რომ მოდელისთვის მნიშვნელოვანია არამარტო გარეგნობა, არამედ შინაგანი სამყაროც.
სააგენტო Brave Model Management-ის წყალობით ცნობილები გახდნენ ბიანკა ბალტი, დევიდ განდი, იულია პავლოვა და სხვ.