ყოველ წელს მოდის მიმდევარი ქალბატონები გულის ფანცქალით ელოდებიან ახალ კოლექციებს და თითოეულ ახალ დეტალს აკვირდებიან. თითქოს და, მოდის სფეროში უკვე ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ამოიცნო, ამჯერად რითი აპირებენ დიზაინერები მაყურებლის გაოცებას.
პრაქტიკულად მთელი თბილისური ბომონდი, უცხოელი სტუმრები და ბაიერები შეიკრიბნენ თბილისის მოდის კვირეულის გახსნაზე — ქვეყნის მთავარ გლამურულ მოვლენაზე და რაღაც ახლისა და სენსაციურის მოლოდინში არიან.
თბილისის მოდის კვირეულის ახალი მე-16 სეზონი გაიხსნა ქართველი დიზაინერის ლაშა ჯოხაძის ჩვენებით, რომელიც მაყურებელს დიდი ხნის წინ შეუყვარდა.
ეს ახალი კოლექციის ჩვეულებრივი ჩვენება არ იყო, ეს იყო ჯოხაძისეული „მოდური შიკი“, რომელიც ელი სააბის კოლექციებს მოგაგონებდა. დიზაინერმა მაყურებელში ემოციების ზღვა გამოიწვია. მის სამოსს, რომელმაც გულგრილი ვერავინ დატოვა, აპლოდისმენტებით აცილებდნენ.
„მე ყოველთვის თემატური კოლექციები მაქვს. ამჯერად ჩემი კოლექციის ქალი იყო ელეგანტური, ანუ უფრო დახვეწილი, ვიდრე ადრე. შინაგანად ოდნავ მკაცრი, მიზანდასახული. ქალს სურს სრულყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს. ყოველთვის, როდესაც ჩემ მაღაზიაში შეკვეთას ვასრულებ, ვცდილობ, რომ ჩემმა ნამუშევარმა აღტაცება გამოიწვიოს. თუ ვხედავ, რომ კლიენტს თვალები უბრწყინავს, ვხვდები, რომ საქმე გაკეთებულია. ჩემს სტილთან დაკავშირებით ქალს პატარა კითხვის ნიშანიც არ უნდა დარჩეს“, — განაცხადა ჯოხაძემ.
ჯოხაძის კოლექციის სილამაზის გადმოცემა ძალიან რთულია, მაგრამ ორი სიტყვით — ეს არის ბრწყინვალება და დახვეწილობა. დიზაინერმა თამამად გამოიყენა ოქროსფერი, კრემისფერი, შავი, პასტელის ფერები, რომლებიც ბრჭყვიალა ელემენტებით იყო გაჯერებული.
„ლაშას კოლექცია იყო ძალიან ჰაეროვანი, ქალური, დახვეწილი, საზეიმო. ამ კოლექციიდან განსაკუთრებული შემთხვევისთვის ნებისმიერ სამოსს ავირჩევდი. ლაშამ ზუსტად იცის, რა სურს ქალს, ეს კი დღევანდელ დღეს დიდი იშვიათობაა. ლაშა ლამაზ ქალს ქმნის“, — განაცხადა თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მოდელმა თაკო ჩხეიძემ.
ლამაზი ქალის შექმნა ჯოხაძეს ნადვილად გამოუვიდა. ამისთვის მან ლამაზი და ჰაეროვანი ფორმები და უჩვეულო ფასონი გამოიყენა. განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია შავმა კაბამ დიდი და ჰაეროვანი სახელოებით, რომლებიც ფარფლებს წააგავდა. უზარმაზარი ოქროსფერი ქამრები კი კოლექციას დაუვიწყარ იერს ანიჭებდა.
განსაკუთრებული ყურადღება ჯოხაძის გამჭვირვალე და საკმაოდ თამამმა კოსტიუმებმა გამოიწვია. მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს.
ვერ მალავდნენ აღტაცებას თურქი სტუმრები, რომლებსაც განსაკუთრებით მოეწონათ შავი მომდგარი ტყავის კაბა დიდი ოქროსფერი ქამრით და მოხდილი მხრებით. სამოსს, რომელიც თაკო ჩხეიძემ წარადგინა, დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა.
„კოლექცია მართლაც ძალიან ლამაზი იყო და თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონს ძალიან მოუხდა. ყველაზე მეტად მოგვეწონა ბოლო, შავი კაბა დიდი ოქროსფერი ქამრით. ძალიან ლამაზია. თბილისში ამ ღონისძიებაზე მეორედ ჩამოვდივარ“, — განაცხადა თურქმა სტუმარმა გურკან აშიკმა.
თბილისის მოდის კვირეულზე საკუთარი პირველი ჩვენება წარადგინა რუსულმა ბრენდმა MIRO-მ. ის სულ ერთი წელია არსებობს და სადებიუტო კოლექცია სწორედ თბილისში წარადგინა.
„მხოლოდ ნატურალური ქსოვილები გამოვიყენე — ბამბა, აბრეშუმი. ეს არის კოლექცია ქალისთვის, რომელიც ქალაქში ცხოვრობს და სადღაც წასვლა სურს, მაგალითად თბილისში. ეს არის კოლექცია ქალისთვის, რომელიც თავს თავისუფლად გრძნობს როგორც ქუსლიან ფეხსაცმელში, ისე დაბალძირიანშიც. ჩემი სამოსით, რომელიც მე წარვადგინე, შეიძლება დღისით გახვიდე, მერე ფეხსაცმელი გამოიცვალო და საღამოს წახვიდე წვეულებასა ან მუზეუმში“, — განაცხადა რუსულმა ბრენდმა MIRO-ს დადფუძნებელმა იანა მურავიოვამ.
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული მოვლენა — Tbilisi Fashion Week-ის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ყველა ჩვენებას სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა" უმასპინძლებს. თბილისის მოდის კვირეული ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიხურება, რომელიც ლეღვთახევში ჩატარდება.
ოთხი დღის განმავლობაში თბილისის მოდის კვირეული 20-ზე მეტ ღონისძიებას წარმოადგენს. მათ შორის, ისეთი ქართველი დიზაინერების ჩვენებებს, როგორიცაა ქეთი ჩხიკვაძე, ანა დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA.
თბილისის მოდის კვირეულზე უცხოელი დიზაინერების რამდენიმე კოლექციაც მოხვდა — MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.
წელს თბილისის მოდის კვირეულს, ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით, გააშუქებს 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა, მათ შორის: Elle Italia, Vogue italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Fucking Young და სხვ.
რაც შეეხება მოდის კვირეულის კომერციულ ნაწილს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაიერები ჩამოვლენ, რის შედეგადაც ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა მიეცემათ საერთაშორისო გაყიდვები განახორციელონ ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიცაა ALDUCA D'AOSTA (ვენეცია),TOMORROW SHOWROOM (მილანი, პარიზი, ნიუ-იორკი), TESSABIT (მილანი) და L"ECLAIREUR (პარიზი).
თბილისის მოდის კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia-სა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიმართება.