რთული და საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა. შესაძლოა დღეს ცნობილი მოქანდაკე ყოფილიყო, თუმცა ჩარლი ჩაპლინის ნახვის შემდეგ ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმოედგინა და მსახიობის გზა აირჩია. 18 წლის ასაკში შეთეს როლი ითამაშა ფილმში „ნატვრის ხე“. ამბობს, რომ ეს ბედის საჩუქარი იყო. ამას მოჰყვა სხვა როლები. განსაკუთრებული იყო მურტალოს როლი „კუკარაჩაში“. მნიშვნელოვანი იყო ასევე ფილმი „გარიგება“, რომელმაც ბატონ ზაზას კიდევ მეტი პოპულარობა და მაყურებელთა სიყვარული მოუტანა.
ბავშვობა…
კინოკადრივით მახსენდება ბავშვობა. ფაქტიურად თეატრში დავიბადე და სარეპეტიციოში გავიზარდე. ჩემი ოჯახიდან მეშვიდე თაობა ვარ, ვინც მსახიობი გახდა. მამაჩემის დედა — ლიდია ალექსანდროვნა ლატვიელი იყო. გადმოსახლებულები იყვნენ საქართველოში, მერე პაპაჩემმა მოიტაცა. წარმოიდგინეთ, პაპაჩემის მამაც კი მახსოვს. ასი წლის გარდაიცვალა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. დედა ჟურნალისტი იყო, მამა – ისტორიკოსი. იმდენი წიგნი გვქონდა სახლში, ბიბლიოთეკა გეგონებოდა. ძალიან მიყვარდა თეატრში, კინოში და ბიბლიოთეკაში სიარული. თბილისში გლდანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ბებიაჩემის დები — ანიჩკა, სონია და ელენე ბაჩიაშვილები. მათ ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდათ. ფუნქციები ჰქონდათ გადანაწილებული. ანიჩკა ბებიას ცირკში, მუზეუმებში დავყავდი, სონია ბებია მურაბებს მაჭმევდა, ელენე ბებია სხვადასხვა ისტორიებს მიყვებოდა და უგემრიელეს საჭმელებს მიმზადებდა.
ბავშვობაში როგორც კი პირველად ვნახე ჩარლი ჩაპლინის პატარა მინიატურები, იქიდან მოყოლებული ცხოვრება კინოს გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. კინო და თეატრი ერთდროულად შემოვიდა ჩემში. რეჟისორი გია მატარაძე დედაჩემის ძმა იყო. ერთ დღეს დედაჩემთან მოვიდა და უთხრა, მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებენ და თორმეტი წლის ბიჭს ეძებენო. წამიყვანეს სინჯებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, დამიწუნეს, ძალიან სუსტი ბავშვიაო.
ბავშვობიდან ვხატავდი და მინდოდა მოქანდაკე გავმხდარიყავი, მაგრამ მაინც მსახიობობამ გადაძლია.
პირველი ბიძგი ცხოვრებაში
თენგიზ აბულაძემ გადამიღო „ნატვრის ხეში“, ვთვლი, რომ ჩემთვის სწორედ ეს იყო პირველი ბიძგი. ის, რომ მსახიობი გავხდი, ქალბატონ თინა ბოლოთაშვილის დამსახურებაა. ასე ვთქვათ, მან ამაფორიაქა და მირჩია თეატრალურზე ჩამებარებინა. ამის შემდეგ მოვდივარ და მოვდივარ დღემდე…
მოვლენა, რომელმაც შემცვალა
მშობლების სიკვდილი… 1992 წელი იყო. თბილისის ომი ახალი დამთავრებული იყო. დედა ავად გახდა, სავადმყოფოში იწვა. მამას ამ ამბავს ვუმალავდით. მამას დედაჩემი მესამე კლასიდან უყვარდა. მათი სიყვარულის ამბავი ცალკე ისტორიაა. დედას ავადმყოფობის ამბავი სხვა ადამიანისგან შემთხვევით გაიგო და იმ ღამესვე ჩამოვიდა. მეორე დღეს, 27 იანვარს დედას დაბადების დღე იყო და ნამცხვრებით, ტკბილეულით მიდიოდა საავადმყოფოში და დაარტყა ინსულტმა. იმ დროს 58 წლის იყო, ჩემზე პატარა. სხვა გზა არ იყო, ექიმების ნებართვით წამოვიყვანეთ დედა. ამის მერე ექვსი თვე იცოცხლა დედამ. მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ დედაც გარდაიცვალა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. იყო საშინელი დეპრესია. ამ ყველაფერის გადალახვაში და დაძლევაში ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე. ნათია რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი ამ ამბავს როგორ გადავიტანდი. სიცოცხლისკენ მომაბრუნა ფესტივალმა „ოქროს არწივი“, სადაც მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოქროს არწივი გადმომეცა. რაღაცნაირად ამან გამომაცოცხლა, სტიმული დამიბრუნა და სააქაოს წამოვედი…
ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მთავარია…
ადამიანი გაჩნდა ხატებად ღვთისა, ამიტომ ჩემთვის მთავარია იყო ადამიანი. მე პირადად თავისი სიკეთით და ბოროტებით, წარმატებით და წარუმატებლობით, სიხარულით და დარდით მიყვარს ყველა ადამიანი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რთული პერიოდი, მაგრამ არასოდეს არ უნდა ვიწუწუნოთ. გვახსოვდეს, რომ სადღაც, ვიღაც ჩვენზე უარესადაა. ჩემზე გაჭირვებული უამრავი ადამიანია, ამიტომ მე არაფერი მაქვს საწუწუნო.
რას ვნანობ განვლილი ცხოვრებიდან
რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ არაფერს შევცვლიდი. თითოეული ადამიანი თავად წერს საკუთარ ბედს, ამიტომ უნდა იწვალოს, იბრძოლოს, კარგი მომავალი შეიქმნას და სიყვარული დაიმსახუროს ადამიანებში. სიყვარულს და სიკეთეს მოპოვება უნდა.
ჩემთვის ოჯახი არის…
ოჯახი ჩემთვის არის სიყვარული, ადამიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების არსი. ჩემ გვერდით არიან ის ადამიანები, ვინც მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით, ჩემი სიყვარულის ნაყოფები, ჩვენი შვილები. ერთად გვტკივა, ერთად გვიხარია და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს ნებისმიერ საკითხში, ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ოჯახს რომ უფრთხილდები, ადამიანი ქვეყანასაც უფრთხილდები, ქვეყანას რომ უფრთხილდები, ე.ი. სამყაროს უფრთხილდები. აქედან იბადება სიკეთე. ოჯახია ყველაფრის სათავე და ჯაჭვივით არის ეს ყველაფერი აწყობილი…
ჩემი დაბადების დღე
იყო 60 წელი, 50 წელი, 40… თუმცა ჯერ იუბილე არ გადამიხდია. ყველა დაბადების დღე მედალივით არის. ახალგაზრდობაში გიხარია, რომ წლები გემატება, ახლა კი სინანულით ფიქრობ, ვაჰ, რა დრო გასულა!
როგორ მომავალზე ვოცნებობ
მინდა დიდხანს ვიცოცხლო და საჭირო ვიყო ადამიანებისთვის. არ მინდა დავვარდე და ფიზიკურად ვინმეს შესანახი გავხდე. მინდა ჩემი შვილები და ჩემი ქვეყანა იყოს კარგად. მინდა ჩვენ ქვეყანაში სიყვარული სუფევდეს, თითოეული ადმიანი გაუფრთხილდეს ამ სიყვარულს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. ღვარძლი და შური არ გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. პატარა ქვეყანა გვაქვს და ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ!..