თბილისის მერმა 2018 წლის პრიორიტეტები დაასახელა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში არსებული „საცობების“ პრობლემის მოგვარების პირობა მისცა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება 2018 წლის მთავარი პრიორიტეტები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება, რათა მოსახლეობის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს.

„გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, რომლებიც კონკრეტულ მონაკვეთებზე მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას. ვიცით, რომ ამ მიმართულებით სერიოზული უკმაყოფილება და „საცობების“ კუთხით პრობლემები არსებობს", — აღნიშნა კალაძემ.

უკვე ცნობილია, რომ თებერვლის ბოლოს თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ქალაქის 14 ქუჩაზე სამარშრუტო მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებზე შეძლებენ. გარდა ამისა, მერია 259 მოსაცდელზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, რათა მიკროავტობუსებისა და ავტობუსების გაჩერებებმა საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

კალაძემ ასევე აღნიშნა ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შენობების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის მასშტაბური პროექტის დაწყების მნიშვნელობა. მისი სიტყვებით, თბილისის ისტორიული უბნების აღდგენისთვის ბიუჯეტიდან 62 მლნ ლარია გამოყოფილი.

Мэр Тбилиси Кахи Каладзе осматривает новый регбийный стадион - Sputnik საქართველო
კალაძე: ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა „ჰარი-ჰარალეზე"

„პრიორიტეტი ამ პროცესში — ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებაა. წელს ასევე ვგეგმავთ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის — 9 მარტის ბაღის სრულ რეაბილიტაციას. მგონია, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რაც ჩვენ ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ორბელიანის მოედნის აღდგენა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ახალი სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, კანალიზაციისა და წყლის, ასევე ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების ქსელის განახლება და მოწესრიგება. ასევე პროექტი გულისხმობს ისტორიული და სხვა შენობების რესტავრაციას, მიწისქვეშა პარკინგის აშენებას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ორბელიანის მოედნის აღდგენა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0