თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის უახლოესი სამი წლის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მოსალოდნელია მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა, აღნიშნულია Global Economic Prospects-ის მოხსენებაში.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს გაიზრდება 4,2%-ით, ხოლო 2020 წლისთვის — 5%-ით. ექსპერტების გამოთვლით, 2017 წელს ქვეყნის მშპ გაიზარდა 4,3%-ით, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ზრდა 2,8%-ით შეფასდა.
ექსპერტების აზრით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნავთობპროდუქტების ბევრ იმპორტიორ ქვეყანას, რომელთაც მსოფლიო ბანკი მიაკუთვნებს საქართველოს, თურქეთს, ბელარუსს და სხვა, ბოლო წელიწადს დადებითი სავაჭრო და ფინანსური ძვრები ჰქონდათ. ეს დაუკავშირეს ევროკავშირის ზონაში ეკონომიკური საქმიანობის განმტკიცებას, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას რუსეთსა და ყაზახეთში, რამაც ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებისა და ორივე სახელმწიფოში ექსპორტის ზრდა გამოიწვია.
ასევე, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ რიგი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკა მრავალი გარე ფაქტორის გამო რისკის ქვეშაა. მათი აზრით, ეკონომიკური ვითარება ევროპაში მთლიანობაში დაბალანსებულია, მაგრამ შესაძლოა გაუარესდეს ნავთობზე დაბალი ფასების, უკრაინაში მდგომარეობის გაუარესებისა და რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების შედეგად.
მსოფლიო ბანკი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც 1945 წელს განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარების ორგანიზების მიზნით შეიქმნა. ის საქართველოსთან 25 წლის განმავლობაში თანამშრომლობს და ამ პერიოდში ქვეყანაში 4,3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 100-ზე მეტი პროექტი განახორციელა.