იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებულ ექიმებზე კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იაშვილის ბავშვთა კლინიკიდან გათავისუფლებულ ექიმებს განუმარტა, თუ რა ზომებს შეიძლება მიმართონ სამუშაოს დასაბრუნებლად.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, თავისი უფლებების დაცვა სასამართლოში მოუწევთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

იაშვილის კლინიკიდან, რეორგანიზაციის ფარგლებში, 87 თანამშრომელი გაათავისუფლეს. საავადმყოფოს ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ თითოეულ თანამშრომელს გააცნეს ამ გადაწყვეტილების მიზეზები და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამინისტროსთვის არ მოუმართავთ არც გათავისუფლებამდე და არც გათავისუფლების შემდგომ. თუ კლინიკის თანამშრომლები გათავისუფლებამდე მომართავდნენ სამინისტროს, ეს საშუალებას მოგვცემდა პროცესში მედიაცია ჩართულიყო. ამჯერად ამ ბერკეტის გამოყენება შეუძლებელია და ყოფილ თანამშრომლებს სამართლებრივად ბრძოლის ერთადერთი გზა – სასამართლო რჩებათ", — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
უმუშევარი ექიმები: იაშვილის კლინიკიდან 87 თანამშრომელი დაითხოვეს

იქვე აღნიშნულია, რომ სამინისტროს პროფკავშირების "სოლიდარობის ქსელი — მშრომელთა ცენტრი" თავმჯდომარემ თეონა ჰენდერსონმა მიმართა. ჯანდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, საკითხის შესწავლის მიზნით იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციას მიმართა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განცხადებით გუშინ იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე გამოვიდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური და ამის თაობაზე პერსონალთან არაერთხელ ისაუბრეს.

ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღეს, რომ ბოლო თვეებში და წლებში კლინიკის ბევრ დეპარტამენტში პაციენტების ნაკადი სისტემატურად მცირდებოდა. რიგ შემთხვევებში პაციენტების რიცხვი ზოგიერთ დეპარტამენტში ექიმების რაოდენობაზე ნაკლებიც კი იყო.

ამასთან, სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები ექიმების გათავისუფლების სხვა მიზეზს ასახელებენ. ისინი წერენ, რომ უკმაყოფილო არიან სამედიცინო პერსონალის კომპეტენციითა და მუშაობით.

კლინიკაში ინფრასტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია ჩატარდა. იქ გაერთიანდა რამდენიმე დეპარტამენტი, დაამატეს ახალი მომსახურებები და სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური რაოდენობა დაადგინეს. ცვლილებების მთავარი მიზანია სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და მაღალი ხარისხის, პაციენტის საჭიროებაზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების გაწევა.

იაშვილის კლინიკა 1996 წელს დაარსდა, მას შემდეგ ის საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბავშვთა კლინიკად რჩება. კლინიკა 250 პაციენტზეა გათვლილი, მასში სტაციონარული, ამბულატორული და გადაუდებელი განყოფილებები ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0