დუისში თემირლან მაჩალიკაშვილი დაკრძალეს

© photo: Sputnik / Stringerთემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა
თემირლან მაჩალიკაშვილის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ხელისუფლებას შვილის სიკვდილში დამნაშავე პირების დასჯისკენ მოუწოდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ტერორისტ ახმედ ჩატაევის დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაჭრილის უცხოურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით მოლაპარაკებები თითქმის ერთი კვირა აქტიურად მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა პაციენტის გადაყვანაზე თანხმობა განაცხადეს, დაიწყო სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებთან მოლაპარაკებები. საბოლოოდ არჩევანი თურქეთში კოჩის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალზე შეჩერდა. თუმცა 10 იანვრის დილით მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მაჩალიკაშვილის ოჯახი პანკისის ხეობის მცხოვრებლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, სასულიერო პირებისგან, ახლობლებისა და მეგობრებისგან სამძიმარს დილიდანვე იღებდა.

„მოვითხოვ სახელმწიფომ გაასამართლოს (დამნაშავე — რედ.) და მაჩვენოს მისი სახე. ოპერაციის დაგეგმვიდან იმ ოთახში ბოლო წუთამდე — მე ვითხოვ ყველას დასჯას. როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. ამ მომენტისთვის მე მჯერა გამოძიების, მაგრამ თუ ეს ნდობა არ გამართლდება, მაშინ, ალბათ, სხვანაირად მოვიქცევი", — განაცხადა თემირლანის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, ის იმ სპეცრაზმელს და მის ოჯახს, რომელმაც გასროლა განახორციელა, ანგარიშსწორებით დაემუქრა.

გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც გამოუცხადა. მისი სიტყვებით, ექიმებმა და სახელმწიფომ ახალგაზრდის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში, საკუთარ სახლში 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრა. სუს-ში განმარტეს, რომ სპეცრაზმელებმა მას თავში და მხარში მას შემდეგ ესროლეს, როცა ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. მაჩალიკაშვილის ოჯახში ეს ინფორმაცია უარყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0