საქართველოს პრემიერმა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა, ამასთანავე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოქალაქეები დაიცვას ისეთი საფრთხისგან, როგორიც ტერორიზმია.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, რომელიც ტერორისტ ახმედ ჩატაევის დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას მძიმედ დაჭრის შემდეგ 10 იანვარს გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში, საკუთარ სახლში 2017 წლის 26 დეკემბერს ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დახმარებაში ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრა. სუს-ში განმარტეს, რომ სპეცრაზმელებმა მას თავში და მხარში მას შემდეგ ესროლეს, როცა ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ოჯახში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ 19 წლის ახალგაზრდას მაშინ ესროლეს, როდესაც ის საწოლში იწვა.

რეანიმაციული განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი მას შემდეგ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ხოლო ოთხშაბათ დილით გარდაიცვალა.

„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტერორიზმი — ეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, რომელთან შეჯახება საქართველოსაც მოუწია.

„ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა იმ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც საკუთარი მოვალეობის შესრულებისას — ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისას — საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

„ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", — აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ წინასწარი განცხადებებისა და დასკვნებისგან, სანამ გამოძიება ყველა არსებულ კითხვას პასუხს არ გასცემს.

„მინდა ცალსახად განვაცხადო, პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც დღეს, ამ ვითარებაში წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა საქართველოში მცხოვრები ქისტებისადმი პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყნისადმი მათ ერთგულებაში ეჭვის შეტანას ვერავინ შეძლებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო
ახალი დეტალები ტერორისტ ჩატაევთან კავშირში ბრალდებულების საქმეში

მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. „ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სპეცოპერაციის მსვლელობისას, რომელიც თბილისსა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო მეხუთე ეჭვმიტანილი – თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს.

სუს–ის ინფორმაციით, გორნაკაშვილი, ალდამოვი, მარგოშვილი, ჩოფანაშვილი და მაჩალიკაშვილი ჩატაევსა და მის დაჯგუფებას დაეხმარნენ, რომ ისინი თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი შოაიპ ბორზიევი დაკავებულია. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, სხეულის დაზიანებები მიიღო სუს-ის ორმა და შსს-ს ორმა თანამშრომელმა.

ყველა ახალი ამბავი
0