რატომ დაჯარიმდნენ თანამდებობის პირები

გამოწერა
საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს 287 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი ჩაატარა

თბილისი, 10 იანვარი —Sputnik.  ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო მოქმედი პარლამენტარები და  სხვა საჯარო მოსამსახურეები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2017 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ  287 თანამდებობის პირის  ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი ჩაატარა. 224 საჯარო მოსამსახურე  დაჯარიმდა, 56 დეკლარაცია კი დადებითად შეფასდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს, დამოუკიდებელ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილს, ასევე, პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძეს და ვლადიმერ აჩბას.  

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის - Sputnik საქართველო
„შატალისტ“ დეპუტატებს სანქციები ემუქრება
 

დაჯარიმებულთა სიაში ასევე არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია,  მისი მოადგილე გიორგი ბუთხუზი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, სემეკ-ის წევრი გოჩა შონია, ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე და საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

ბიუროს ცნობით, დარღვევები, ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა. დეკლარაციების შემოწმების დროს უარყოფითი შეფასების საფუძველი  რიგი დარღვევები გახდა:  შეუსაბამობა უძრავი ქონების მითითებულ და რეალურ ფართებს შორის; ოჯახის წევრების არადეკლარირებული უძრავი ქონება (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; არადეკლარირებული საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში.

გარდა ამისა, თანამდებობის პირებმა  არ მიუთითეს ინფორმაცია საწარმოების წილების ან ინდივიდუალური მეწარმეობის შესახებ. 

საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენისა  და დეკლარაციაში არასწორი, ან არასრული ინფორმაციის კონტროლს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0