ბათუმელი სკოლის მოსწავლე, რომელსაც თავისი საქმე აქვს, ანუ როცა შრომა სათაკილო არ არის

გამოწერა
დღეს საქართველოში უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა ის, რომ სტუდენტები საკუთარი სწავლის ღირებულებას თავად იხდიან და არანაირი შრომა მათთვის სათაკილო არ არის.

ამგვარმა დამოკიდებულებამ ახალი დროის ქართველის მენტალიტეტი ჩამოაყალიბა. თემის გაგრძელებად მინდა გაგაცნოთ ეთუნა ცეცხლაძე — ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე, მოტივირებული და აქტიური ადამიანი. დღეს მისი წარმოჩენა ერთი კონკრეტული კუთხით გვსურს. მან შრომითი საქმიანობა ადრე დაიწყო. მუშაობს გიდად და ემსახურება უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც საქართველოს აცნობს და, უფრო მეტიც, აყვარებს კიდეც…

© Photo: Courtesy of Etuna Tsetskhladzeეთუნა ცეცხლაძე
ეთუნა ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
ეთუნა ცეცხლაძე

 

– ეთუნა, ვიცი, რომ არდადაგებზე არ ისვენებ და, როგორც წესი, შრომობ ხოლმე, როდის დაიწყე საქმიანობა?

— დიახ, ზაფხულობით ავსტრიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან სტუმრებს ვიღებ და ისინი ექსკურსიებზე დამყავს. ამ ზაფხულს დუბაიდან იყვნენ. ჩემი პირველი სტუმრები კარგად მახსოვს და ჩემთვის ეს ფაქტი მართლაც საინტერესო და სასიამოვნოდ მოსაყოლია. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დაახლოებით ორი წლის წინ დედაჩემმა მითხრა, ჩვენ ნაცნობთან ავსტრიიდან სტუმრები მოდიან და თარჯიმანი და გიდი შენ უნდა იყოო. თავიდან გავბრაზდი, ჩემ გარეშე რომ მიიღეს გადაწყვეტილება. მერე დავხვდით სტუმრებს და სახლში მივიყვანეთ… ავსტრიელი მოხუცი ცოლ-ქმარი ისეთი საყვარლები, თბილები, კეთილები და საინტერესონი აღმოჩნდნენ, რომ თავი უცებ შემაყვარეს. მოკლედ, მათთან ერთად ორი დღე გავატარე — თავგადასავლებით სავსე ორი დაუვიწყარი დღე. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, აღმოვაჩინე, თუ რა შემიძლია. მაშინ ავიღე ჩემი პირველი ხელფასი – საკუთარი შრომით მოპოვებული ფული მაინც სულ სხვაა.

© Photo: Courtesy of Etuna Tsetskhladzeეთუნა ცეცხლაძე
ეთუნა ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
ეთუნა ცეცხლაძე

– შეიძლება ითქვას, რომ დღეს შრომისადმი დამოკიდებულება უკვე ჩამოგიყალიბდა?

— რა თქმა უნდა, ვფიქრობ, არანაირი შრომა სათაკილო არ არის, ამიტომ მე ძალიან დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ქართველი თინეიჯერები შრომობენ. კარგია, როცა გაქვს ფული და სხვაზე არ ხარ დამოკიდებული, კარგია, როცა ამ ასაკიდანვე ეჩვევი დამოუკიდებლობას და აანალიზებ რამდენად ძვირფასია საკუთარი შრომით მოპოვებული, შედიხარ მშობლის მდგომარეობაში და ხვდები, რომ თუნდაც ერთი თეთრის მოპოვება და დამსახურება ადვილი არ არის.

– ამ საქმეს, თანხის გარდა, ურთიერთობის სიამოვნებაც ახლავს…

— მართლაც ასეა. ბოლო წუთები, ანუ მათი გამგზავრების დრო იყო რთული. ასე უცებ რომ შეეჩვევი ადამიანებს და მალევე მიდიან, ეგ არაა სასიამოვნო. თუმცა მათთან ურთიერთობას მაინც ვაგრძელებ. მითხრეს, ჩვენთან ჩამოდიო, ერთმანეთს დღემდე ვუკავშირდებით და ავსტრიაში მელოდებიან… შემდეგ იყო გოგონა ტომსკიდან — დღეს უკვე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მასთან ერთად შემოვიარე მთელი ბათუმი და მისი შემოგარენი. ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ამ ზაფხულს საჩუქრებით დატვირთული მეგობარი, მასავით თბილი ადამიანი გამოაგზავნა. იცით, რა მომენტები მიყვარს?— როცა უცხოელები საქართველოს სილამაზით აღფრთოვანებული არიან. ამ დროს სიამაყის გრძნობა მიჩნდება იმის გამო, რომ ასეთ მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობ.

© Photo: Courtesy of Etuna Tsetskhladzeეთუნა ცეცხლაძე
ეთუნა ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
ეთუნა ცეცხლაძე

– რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?

— ჩემთვის თავისუფლება არ არის მხოლოდ წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა. თავისუფლებაა, პირველ რიგში, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც არ არიან გაჭირვებულები, არავინაა მშიერი, ყველას აქვს სახლი, სწავლის შესაძლებლობა, ყველას პრობლემა მოგვარებულია, არავინ ტირის, ყველა ბედნიერია და მეც ყველაფერ ამის გაცნობიერებით თავისუფალი ვარ…

– რა არ მოგწონს შენ თაობაში და რა მოგწონს?

— ჩემს თაობაში არ მომწონს ის, რომ მასში არიან ძალიან ამაყები და თავმომწონეები, რაღაცნაირად თავისებურები, რომლებიც პატივს არ სცემენ უფროსებს და მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ. უმეტესობის შემთხვევაში „მოდაშია" გინება და თითქმის ყოველი მეორე სიტყვა უხამსია. ჩემ თაობაში მომწონს ის, რომ უყვართ სიახლის ძიება, ეძებენ უფრო ადვილ გზებს, თავისუფლების მოყვარულები არიან, ცდილობენ არ იყვნენ სხვებზე დამოკიდებული, შეიძლება არ ამჟღავნებენ, მაგრამ ძალიან მეგობრულები და მგრძნობიარეები არიან.

– მშობლების თაობაზე რა აზრის ხარ?

— უფროს თაობაში არ მომწონს ის, რომ სულ ცდილობენ საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოგვაქციონ, არ ითვალისწინებენ ახალგაზრდების შეხედულებებს, ხშირად მისტირიან წარსულს და არ მოსწონთ თავისუფალი, თანამედროვე ცხოვრება. მოწონებით კი უფროსებში მომწონს ის, რომ შენარჩუნებული აქვთ ტრადიციები, არიან ზრდილობიანები, იციან თანადგომა, ერთგულება და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გააჩნიათ.

© Photo: Courtesy of Etuna Tsetskhladzeეთუნა ცეცხლაძე
ეთუნა ცეცხლაძე - Sputnik საქართველო
ეთუნა ცეცხლაძე

– როგორ ფიქრობ, 20 წლის მერე როგორი იქნები?

— ოცი წლის მერე ჩემი თავი როგორ წარმომიდგენია? უმაღლესდამთავრებულს უკვე კარგი სამსახური და აწყობილი კარიერა მექნება. მეყოლება ოჯახი და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რამე კარგი და სასარგებლო გავაკეთო…

 

ყველა ახალი ამბავი
0