თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში — სოლოლაკში მდებარეობს, გუშინ, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
„შემთხვევის ადგილზე რვა მანქანა იყო მობილიზებული და ხანძარს 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობდა. დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი", — აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შსს იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რომელიც ჩადენილია ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.
ჭონქაძის 21 ნომერში მდებარე ეს სახელმწიფო ქონება, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა, ჯერ ისევ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტოს ბალანსზე ირიცხება.
ელექტრონულ აუქციონზე შპს „ასტორიამ" გაიმარჯვა და მას შენობის შესაძენად გარკვეული ვადა აქვს მიცემული.
აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8,2 მილიონ ლარს შეადგენდა და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევდა.
„ჩვენთვის შენობა ამ შემთხვევაში ინტერესს არ წარმოადგენს, რადგან ის არის მთლიანად ამორტიზებული და რესტავრაციას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც ჩვენ მისი მეპატრონე გავხდებით, აქ ახალი სასტუმროს აშენებას ვგეგმავთ", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ შპს „ასტორიას" დირექტორმა მაია თვალიაშვილმა.
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაზე ელექტრონული აუქციონი სახელმწიფო ქონების სააგენტომ მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმროს მოწყობის პირობით გამოაცხადა.