როკ-ფოლკ ჯგუფის სოლისტი, საუკეთესო ლიდერი და საკუთარ თავში გმირის ძიება

© Photo: Courtesy of Mariam Barbakadzeმარიამ ბარბაქაძე
მარიამ ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 წლის მარიამ ბარბაქაძე სამტრედიაში საშუალო სკოლას ოქროს მედალზე ამთავრებს.

2016 წელს მან, როგორც როკ-ფოლკ ჯგუფ „ლადის“ სოლისტმა, ბაქოში გამართულ 2016 წლის კავკასიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ჯგუფთან ერთად გრან-პრის მფლობელი გახდა. იმავე 2016 წელს ჩართული იყო საქართველოში ჩატარებულ გაეროს ასამბლეის საქმიანობაში, სადაც გაეროს მუშაობის პრინციპებს გაეცნო. სამტრედიის რაიონში გამართულ „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმში“, სადაც განათლების კომიტეტს წარმოადგენდა, მარიამი საუკეთესო ლიდერი გახდა და მისმა პროექტმა ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დაფინანსება მოიპოვა.

© Photo: Courtesy of Mariam Barbakadzeმარიამ ბარბაქაძე
მარიამ ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ბარბაქაძე

– როგორია მზერა გვერდიდან, ანუ ვინ არის მარიამ ბარბაქაძე?

— მეთორმეტე კლასის მოსწავლე ვარ, ჩემი საყვარელი საგანია გეოგრაფია, რადგან იგი მოიცავს, ასახავს, ინახავს ყველა იმ მოვლენასა და მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს როგორც თვითგანვითარებისთვის, ასევე სამყაროსა და მასში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ცოდნის გაღრმავებისთვის. გეოგრაფია ხომ მარტო რუკა და ქვეყნები არ არის, იგი, შეიძლება ითქვას,  ერთგვარი გასაღებია ყველა მთავარი თემის, რაც კაცობრიობას აინტერესებს. მეორე ყველაზე საყვარელი საგანია ინგლისური ენა, რადგან, პირველ რიგში, ის საერთაშორისო ენაა და სავალდებულოა, რომ ყველამ იცოდეს. თუმცა ასეთივე დიდი ინტერესი გამაჩნია სხვა ევროპული ენების მიმართაც.

– ამ ინტერესების მიღმა არის სიმღერა, რომელმაც ბევრი წარმატება მოგიტანა…

— დიახ, რაც შეეხება სიმღერისადმი ინტერესს, პირველად სცენაზე 4 წლის ასაკში ვიმღერე. თუმცა მომავალში ამ პროფესიის დაუფლებაზე არ მიფიქრია. ამ ხნის განმავლობაში ბევრი წარმატება მქონდა, მათგან ყველაზე მასშტაბური და დასამახსოვრებელი ჩემთვის როკ-ფოლკ ჯგუფ „ლადიში“ გამოსვლა იყო. ამ ჯგუფის შესაძლებლობები უსაზღვროა და იქ ყოფნისას მონაწილეობა მივიღე ბაქოში გამართულ 2016 წლის კავკასიის საერთაშორისო ფესტივალში და გავხდით გრან-პრის მფლობელები. დიდი სიამოვნებაა ყოფნა ისეთ გარემოში, სადაც ახალი სტილი, განსხვავებული და მრავალფეროვანი მელოდიები იქმნება. ჯგუფს უდიდესი პოტენციალი გააჩნდა და ბევრი შემოთავაზებაც იყო სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, უყურადღებოდ დარჩენილი „ლადი“ დღეს აღარ არის…

© Photo: Courtesy of Mariam Barbakadzeმარიამ ბარბაქაძე
მარიამ ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ბარბაქაძე

– ვიცი, რომ პოლიტიკით და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებითაც ხარ დაინტერესებული. ნატოს საერთაშორისო პროექტში როგორ მოხვდი?

— ყოველთვის ვცდილობდი იმ მოვლენების საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი იყო საქართველოში ჩატარებული 2016 წლის გაეროს ასამბლეა, სადაც გაეროს მუშაობის პრინციპებს გავეცანი. იქ შევხვდი ლიტვის ელჩს, რომელთანაც მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირში შესვლის მომავალი პერსპექტივები განმეხილა, ასევე მიზეზები იმისა, თუ რატომ არ არის საქართველო ევროკავშირში და ის ფაქტორები, რაც განაპირობებს ჩვენ ადგილს საერთაშორისო ორგანიზაციაში სხვა ევროპული ქვეყნების გვერდით. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე ჩემ რაიონში გამართულ „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმში“, სადაც განათლების კომიტეტს წარმოვადგენდი, გავხდი საუკეთესო ლიდერი და ერთი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ პროექტის დაფინანსება მოვიპოვე.

– მარიამ, რა არის შენთვის თავისუფლება და ვინ არის თავისუფალი ადამიანი?

— ვფიქრობ, თავისუფლებას ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს. ჩემთვის თავისუფლება არ ნიშნავს ყოველგვარი კანონისა და უფლებებისგან გათავისუფლებას, თავისუფლება არ გულისხმობს საკუთარი სიამოვნების გამო ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნას. თავისუფლება არ არის მხოლოდ მიზანი, რომელსაც ადამიანი ისახავს ცხოვრებაში მომავლის განსასაზღვრად. თავისუფლება პიროვნულ თავისუფლებას არ გულისხმობს, არც გათავისუფლებას პასუხისმგებლობებისგან და სხვისი უფლებების შეზღუდვას საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. თავისუფლება მარტო არჩევანის უფლება კი არ არის, თვითონ არჩევანია… თავისუფლების არსს მხოლოდ მაშინ ჩავწვდებით, როცა სხვის უფლებებს პატივს ვცემთ, როცა არ შევზღუდავთ სხვა მოქალაქის თავისუფლებას, როცა სხვის თავისუფლებას ისევე ფაქიზად მოვეკიდებით, როგორც საკუთარს. თავისუფლება ბედნიერებაა.

© Photo: Courtesy of Mariam Barbakadzeმარიამ ბარბაქაძე
მარიამ ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ბარბაქაძე

– როგორია თაობა, რომელსაც შენ წარმოადგენ?

— ჩემი, ანუ ახალი თაობა ინოვაციურია, რომელიც განვითარებულ, ტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრობს. ჩემ თაობას აქვს იმის ბედნიერება, რომ შედარებით მარტივად გაანათლოს საკუთარი თავი, გამოიყენოს ყველა ის მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები, რომლის დახმარებითაც იოლდება ნებისმიერი რამ, რაც გვაინტერესებს. მივიჩნევ, რომ ეს საღად მოაზროვნე თაობაა, უდიდესი პოტენციალით, შესაძლებლობებით, რაც მომავალში წარმატების საწინდარი გახდება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. ახალგაზრდები უპირატესობას ვანიჭებთ სიახლეებს, არ ვუშინდებით ინოვაციებს, კრიტიკულად ვაზროვნებთ. საბედნიეროდ, ახალ თაობას კარგად აქვს გაანალიზებული, გაცნობიერებული ჩვენი მტრის არსი, არგუმენტებითა და ფაქტებითაა სავსე მსჯელობა, რომელიც ხშირად უფროს თაობაში გაღიზიანებას იწვევს და საპასუხოდ მხოლოდ ვიღებთ სიტყვებს – „თქვენ რა იცით, რა გინახავთ ამ ქვეყანაზე?!“

– შენი თაობის პრიორიტეტად რა მიგაჩნია?

— ისტორია გვაძლევს სიმართლის თქმის საშუალებას და განათლება მთავარი იარაღია მათთან საბრძოლველად, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუგია ვინ ვართ, ვინ ვიყავით და ვინ შეიძლება ვიყოთ მომავალში. ანუ ჩემი თაობის პრიორიტეტი განათლებაა. ჩვენ ვიცით რა გვსურს ჩვენი ქვეყნისთვის. უმეტესობას საქართველო წარმოგვიდგება ევროპის ქვეყანათა რიგში საპატიო ადგილზე. საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ ახალ თაობას საშუალება მიეცემა ქვეყნის ბედი წარმართოს.

© Photo: Courtesy of Mariam Barbakadzeმარიამ ბარბაქაძე
მარიამ ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ბარბაქაძე

– რა მოგწონთ უფროს თაობაში და რა არა?

— შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თაობას გარკვეული პრეტენზიები გაგვაჩნია მათ მიმართ, მაგრამ უმჯობესია, თუ ეს ყველაფერი „მამათა და შვილთა ბრძოლაში“ არ გადაიზრდება. უფროსმა თაობამ შემოგვინახა ყველა ტრადიცია, კულტურა, შეინარჩუნა ენა და საქართველო დღემდე ავად თუ კარგად მოიყვანა. წინაპრებმა დიდი საგანძური დაგვიტოვეს დიდებული ისტორიის სახით, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია, თუ ამან განვითარება არ ჰპოვა. ძველ თაობას უჭირს იმის დანახვა, რომ დღეს ასპარეზი ახალ თაობას უნდა დაუთმოს, რომ ქვეყანას ინოვაციები სჭირდება, რომ საერთაშორისო არენაზე ქართველი მხოლოდ თავისი ცოდნით, შესაძლებლობებითა და განვითარებული აზროვნებით შეიძლება მოხვდეს.

– ვის თვლი შენი დროის გმირად?

— რაც შეეხება გმირებს, ჩემთვის გმირია ყველა ჯარისკაცი, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე დგას, რომელიც სამშობლოს დასაცავად სიცოცხლესაც გაწირავს, არა აქვს მნიშვნელობა უბრძოლია თუ არა. ჯარისკაცები მართლაც გმირები არიან, რადგან მათ მხნეობაზე, სიძლიერესა და ვაჟკაცობაზე დგას ჩვენი ქვეყნის ბედი. თუმცა გმირები ჩვენ ირგვლივაც მრავლად არიან, უბრალოდ ჩვენ ვერ ვამჩნევთ და  საზოგადოება ვერ იგებს როგორ ხდებიან ისინი გმირები. „დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“ – ეს მართლაც ასეა… და, კიდევ, გმირი საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. მთავარია, გავითავისოთ ის, თუ რას წარმოვადგენთ ამქვეყნად, რა მისია გვაქვს, ვიცოდეთ, რომ ადამიანს ერთი თბილი სიტყვაც ახარებს და რომ სიკეთე არ იკარგება.

© Photo: Courtesy of Mariam Barbakadzeმარიამ ბარბაქაძე
მარიამ ბარბაქაძე - Sputnik საქართველო
მარიამ ბარბაქაძე

– როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი 20 წლის მერე?

— 20 წლის შემდეგ საკუთარი თავი საერთაშორისო საკითხების ეპიცენტრში წარმომიდგენია. იქ, სადაც ჩემ სიტყვას, ისევე, როგორც სხვა განათლებული ახალგაზრდების სიტყვას, ფასი ექნება. 20 წლის შემდეგ, 37 წლის ასაკში, ვფიქრობ, ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი რამ უნდა იყოს შეცვლილი. მინდა დიპლომატი გავხდე, რომ ჩემ ქვეყანას აქედან გაქცევით კი არა, მასთან ერთად ყოფნით შეეცვალოს იერსახე. ვიცი ყველა ჩემ თანატოლს სურს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, ოცნების ქვეყნების ნახვა და მათი ხილვით გამოწვეული სიამოვნების განცდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველას სურს იცხოვროს ძლიერ, თავისუფალ, განვითარებულ და მშვიდობიან საქართველოში…

 

ყველა ახალი ამბავი
0