იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე დაინიშნა

© photo: Anna Dolidze / FBანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. დოლიძე აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

„ჩემი გადაწყვეტილება, დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე, არის გამაგრებული მისი პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რა დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს, იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი", – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების შესრულებას 17 იანვრიდან შეუდგება.

2013 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს — საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული მოვალეობის შესრულებას ის 2016 წლის ივნისიდან შეუდგა.

ანა დოლიძე 2004 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარედ აირჩიეს. 2015 წლის მაისში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიწვეული პროფესორი.

დოლიძე ლექციებს კითხულობდა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბერკლის, კემბრიჯის, ოქსფორდის, ტორონტოს, მაკგილის, დიუკის უნივერსიტეტებში, ასევე მადრიდში, სორბონის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის შტატის ელმირას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0