მარგველაშვილი: ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის აზრით, "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე პრინციპულობის გამო გახდა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემ სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში, ის არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვითარებას, რომელიც 26 ივლისს პარლამენტში ანა დოლიძის გამოსვლას მოჰყვა.

აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

„ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო ანა დოლიძისნაირი ძლიერი, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის მიმეცა ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა. ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება“, — წერს მარგველაშვილი.

პრეზიდენტის ვარაუდით, „ალბათ ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში“.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, ხოლო დეპუტატებმა ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე მოახდინონ კონცენტრირება.

26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო დაძლია, რომელიც მან საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში შესატან ცვლილებებს დაადო.

საკითხის კენჭისყრაზე გატანამდე პარლამენტში დებატები გაიმართა, რა დროსაც ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაუპირისპირდნენ.

"საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ეს გამონათქვამი არ მოეწონა დოლიძეს, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტზე თავდასხმაში დაადანაშაულა. კობახიძემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა დოლიძეს სიტყვა, ეთიკასა და იურისპრუდენციის არასაკმარის ცოდნაზე მიუთითა და განაცხადა, რომ ის საჯარო მოხელეა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს.

დებატების დასრულების შემდეგ დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს „ქართული პოლიტიკის შარიკოვი" და „უზრდელი“ უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0