სიტყვა ძარღვიან-ბადაგიანი: „უფალო! დასცალე ჩემი საყვირები, მაწოვე სიტყვა გამოკვერილი“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიგოგლა ლეონიძე
გოგლა ლეონიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
1966 წლის 14 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში რეპროდუქტორიდან გოგლას ომახიანი ხმა ისმოდა — ცოცხალი გიორგი ლეონიძე განსვენებულ გიორგი ლეონიძეს საკუთარი ლექსებით მიაცილებდა...

ერთხელ ავტობიოგრაფიის დაწერა სთხოვეს. დაწერა, მაგრამ ასეთი შესავალი დაურთო: როგორღაც მეუხერხულება ავტობიოგრაფიის წერა, ვგრძნობ, ჯერ იმდენი რამ არ გამიკეთებია მწერლობაში, რომ უკვე საჭირო იყოს ჩემი ცხოვრების ამბების გაზიარება მკითხველებისთვისო…

გასაზიარებელი კი ჰქონდა, ნამდვილად ჰქონდა.

პატარძეულში დაბადებულ პოეზიის ბერმუხას წინაპართა სოფელი ტაო-კლარჯეთში, ართვინსა და ტბეთს შუა ჰქონია, რომელსაც „ლეონიძე“ რქმევია. ამჟამად კი ნიოლიზე მაჰალესის სახელითაა ცნობილი. როგორც ამბობენ, გოგლას საფლავში ჩაჰყოლია ტაო-კლარჯეთის ხილვის ოცნება…

„საქართველოს ჭირისუფალი“ — ასე უწოდეს პოეტს, რომელიც თავდაუზოგავად ეძებდა წინაპართა დაკარგულ საფლავებს. მან იპოვა და თავისი ხელით გადააცალა მტვერი დავით გურამიშვილის საფლავს უკრაინაში; დიდხანს ეძებდა ბესიკის უკანასკნელ თავშესაფარს და იპოვა კიდეც რუმინეთის ქალაქ იასში; ეძებდა ფიროსმანის საფლავსა და ტილოებს…

და ქმნიდა. წერდა ხმოვანებითა და მუსიკალობით, სიტყვის სიტკბოებით გამორჩეულ ლექსებს, რომლებსაც ათას სხვაში ამოიცნობთ. ჯერ მარტო „ყივჩაღის პაემანი“ რად ღირს, ან „ნინოწმინდა“, ან „ოლე“…

1966 წლის 14 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში რეპროდუქტორიდან გოგლას ომახიანი ხმა ისმოდა — ცოცხალი გიორგი ლეონიძე განსვენებულ გიორგი ლეონიძეს საკუთარი ლექსებით მიაცილებდა…

ჩვენც ასე გავიხსენოთ გოგლა, მის მიერვე წაკითხული ძარღვიან-ბადაგიანი, „გამოკვერილი სიტყვით“.

ყველა ახალი ამბავი
0