ილია მეორემ შობაზე მრევლს რწმენის მნიშვნელობა შეახსენა

© Sputnik / STRINGERსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. არქივის ფოტო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ დალოცა ბავშვები, ავადმყოფები და გაჭირვებულები და ყველას შობა მიულოცა

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში მრევლს რწმენის შენარჩუნების მნიშვნელობა და თანამედროვეობის გამოწვევებთან ბრძოლა შეახსენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს“, — წერს ილია მეორე.

საშობაო ალილო - Sputnik საქართველო
საქართველოში ქრისტეს შობას ზეიმობენ

პატრიარქმა შეახსენა მორწმუნეებს, რომ ადამიანის მიზანი უნდა იყოს არა მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არა უზრუნველი ცხოვრება, არამედ მუდმივი ნეტარება, მუდმივი სიხარულის გრძნობა და ქრისტესთან ერთად ცათა სასუფეველში ყოფნა.

საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა აღნიშნა ეკლესიის როლი იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც უფალთან ერთობის გზა აირჩია.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის), იგი კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის“, — ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და კაცობრიობის მძიმე მდგომარეობაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე შობის ღამეს მრევლს სანთლების დანთებისკენ მოუწოდებს

„პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს“, — აღნიშნა მან.

„აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები“, — წერს ილია მეორე. 

ილია მეორემ ასევე დემოგრაფიულ კატასტროფასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას“, — ნათქვამია ეპისტოლეში.

ლოცვა - Sputnik საქართველო
საშობაოდ სავედრებელი ყოველთა ქართველთა: ლოცვა XXI ასწლეულისა

ილია მეორემ აღნიშნა, რომ არ კარგავს იმედს, რომ უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელმაც 2000 წლის განმავლობაში სარწმუნოების სახელით თავგანწირვის უამრავი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისათვის მებრძოლ სულ შეინარჩუნებს.

„ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები“, — ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

„დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ“, — ნათქვამია ეპისტოლეში.


ყველა ახალი ამბავი
0