თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა კვირას, 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეს შობას — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
6 იანვრის ღამეს ყველა მართლადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურგიები აღევლინა.
შობის დადგომა საქართველოში საცხოვრებელი სახლების ფანჯრებში მოციმციმე შუქებმა ამცნეს. ფანჯრების რაფებზე სანთლების დანთებისკენ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე წლის წინ მოუწოდა. იმ დროიდან ეს ტრადიცია ქრისტეს შობის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილი გახდა.
კვირას 14:00 საათზე დაიწყება საშობაო ალილო, რომლის მონაწილეები ვარდების რევოლუციის მოედნიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით გაივლიან.
ალილოს მსვლელობის ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება — თბილისელები გადასცემენ მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.