თბილისი, 5 იანვარი —Sputnik. კომპანია „მაგთიკომი“ მობილური ინტერნეტის გაძვირების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფასების მატების მიზეზებს განმარტავს.
„მაგთიკომი“ 2018 წლის 18 იანვრიდან მობილური ინტერნეტის პაკეტებს აძვირებს.
„2017 წელს გაიზარდა მეტროსადგურების გვირაბებში კაბელის გატარების საფასური. ვალუტის კურსის ცვლილება, ინფლაცია და დენის ტარიფის ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, მობილურ მომსახურებაზე არსებული დაბალი ტარიფები ვერ აბალანსებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯსა და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალს.
„ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში და სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან", — აღნიშნულია „მაგთიკომის“ განცხადებაში.
როგორც „sputnik-საქართველოს“ კომპანიაში განუცხადეს, მობილური ინტერნეტპაკეტების ფასები შემდეგია:
500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1გბ- 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, 5 ლარით გაძვირდება 2გბ მობილური ინტერნეტი და 12 ლარი ეღირება, 4გბ — 14 ლარამდე გაძვირდება, 6გბ 18 ლარი გახდება, 15გბ კი 35 ლარი ეღირება 30 ლარის ნაცვლად.
სხვა პროვაიდერების მობილური ინტერნეტის ფასები კი ასე გამოიყურება:
0.5 გბ: „მაგთი“ — 3 ლარი, „ბილაინი“ — 1 ლარი (7 დღით), „ჯეოსელი“ — 3 ლარი.
1 გბ: „მაგთი“ — 7 ლარი, „ბილაინი“ 4 ლარი, „ჯეოსელი“ — 5 ლარი
2 გბ: „მაგთი“ — 12 ლარი, „ჯეოსელი“ — 7 ლარი
6 გბ: „მაგთი“ — 18 ლარი, „ჯეოსელი“ — 15 ლარი
8 გბ: „ბილაინი“ 16 ლარი
15 გბ: „მაგთი“ — 35 ლარი, „ჯეოსელი“ — 30 ლარი
30 გბ:„ბილაინი“25 ლარი
2018 წლის 18 იანვრიდან, „მაგთის“ მობილური ინტერნეტპაკეტი საქართველოში ყველაზე ძვირი ეღირება.
„მაგთიკომი“ ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2017 წლის 13 დეკემბერს „მაგთის“ აბობენტთა რაოდენობა 1,952,310 იყო, „ჯეოსელის“ კი —1,523,550.
2016 წელს „მაგთიკომმა“ ინტერნეტის პროვაიდერული კომპანიები „კავკასუს ონლაინი” და „დელტანეტი“ იყიდა.