თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ გასულ კვირას ჰაკერების სამიზნე გახდა, ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „მაგთიკომი“ სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„გასული ორი კვირის განმავლობაში მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერშეტევა“, — ნათქვამია „მაგთიკომის“ განცხადებაში.
ამის გამო „მაგთიკომის“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა „ცხელი ხაზი“.
კომპანიის ცნობით, „მაგთიკომის“ ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერშეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.
კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერშეტევები. ამ მომენტისთვის „მაგთიკომისგან“ დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი, აღნიშნულია განცხადებაში.
„რამდენადაც კიბერშეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან“, — აცხადებს „მაგთიკომი“.
მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომი“ 20 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და, გასული წლის მონაცემებით, აბონენტთა რაოდენობით ლიდერობს საქართველოში მომუშავე ოთხ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიას შორის.