კონცერტზე ჩოქვით შეპარული პატარა ბიჭი და ბუბასთან ერთად ნამღერი „მეფაიტონე“

© Photo: Courtesy of Yuza Moshiashviliიუზა მოშიაშვილი
იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამეთანხმებით, ახალი წელი ყველასთვის არის დრო, როცა მეგობრებთან ერთად ვინ იცის, მერამდენედ, ჩვენი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარ ამბებს ვიხსენებთ ხოლმე...

ამიტომ ამ საახალწლო დღეებში გვსურს გაგაცნოთ ინტერვიუ ადამიანთან, რომლისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, ქუთაისი — ყველაზე ძვირფასი მოგონებების ადგილი…

ამბობს, რომ ქუთათურის მენტალობა მთელი თავისი ღირსებითა და ფასეულობებით ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ყველგან ცდილობს, ეს სტატუსი შესაფერისად ატაროს. მომღერალი იუზა მოშიაშვილი ისრაელში, 70-იან წლებში ავიდა. სხვადასხვა დროს გამოსულია: თბილისის, მოსკოვის, ნიუ-იორკის, ვენის, ანტვერპენის, ბუდაპეშტის დიდ სცენაზე და ისრაელის დიდ საკონცერტო დარბაზებში. მას თელ-ავივში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, წარსულის გაუხუნარი ეპიზოდები გაეხსენებინა…

© Photo: Courtesy of Yuza Moshiashviliიუზა მოშიაშვილი
იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
იუზა მოშიაშვილი

-ბატონო იუზა, თქვენ ისრაელში ცნობილი მომღერალი ხართ, მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიას: რა იყო ისრაელში ასვლამდე?

— დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, ქალაქში, რომელსაც აბსოლუტურად სამართლიანად უწოდებენ „სავარდო და სამაისოს“. ქუთათურის მენტალობა ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი მთელი თავისი ღირსებითა და ფასეულობებით. იქ აზერბაიჯანის ქუჩაზე ვცხოვრობდით, მეათე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი სახლთან ახლოს. მოხდა ისე, რომ მერე მისამართი შევიცვალეთ და წერეთლის ქუჩაზე გადავედით, ტერიტორიული სიახლოვის გამო, მშობლებმა  მე-17-ე სკოლაში გადამიყვანეს, მაგრამ… ვერ გავძელი ჩემი ძველი მეგობრების გარეშე და ერთ  წელიწადში დავუბრუნდი მშობლიურ მეათე საშუალოს, რომელიც ოჯახის ისრაელში გამომგზავრების გამო 1974 წლის დეკემბერში ექსტერნად დავასრულე. მე-17-ე სკოლამაც ბევრი რამ მომცა: ჩემს კლასში იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც მთელი ცხოვრება განუყრელი მეგობრობა მაკავშირებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  გია მოშიაშვილი და რუსუდან კაკუშაძე ჩემთვის და-ძმის რანგში არიან. ამიტომ ვამბობ, უფალს შემთხვევით არსად მივყავართ… სიმღერის სიყვარულს სკოლიდან ვეზიარე, პირველი კლასიდან ვიყავი გუნდის სოლისტი და მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საკონკურსო გამოსვლებში, მათ შორის რესპუბლიკურშიც.

© Photo: Courtesy of Yuza Moshiashviliიუზა მოშიაშვილი
იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
იუზა მოშიაშვილი

- რა მოხდა ისრაელში ასვლის შემდეგ, რომელი წელი იყო და რა სირთულეები შეგხვდათ დასაწყისში?

— ისრაელში 1975 წელს ამოვედით. მაშინ 16 წლის ყმაწვილი გახლდით. მოგეხსენებათ, ამ ასაკში ემოციები გაათკეცებულია. ამიტომ, ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი და მძიმედ მოსაგონარია. არ ვიცოდი ენა, არ ვიცნობდი მენტალობას, წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა გამჩენისაგან აღთქმული სამშობლოს ასაშენებლად, თუმცა მზად ვიყავი თავიც გამეწირა მისთვის. მოვიარე ჯარი. რთული იყო დამკვიდრება, რაც უდიდესი ძალისხმევის ფასად, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. ყველაზე ძვირფასი, რაც წმინდა მიწაზე შევქმენი — ჩემი ოჯახია. მყავს მეუღლე, ლეა მოშიაშვილი; ორი შვილი, შესანიშნავი სიძე და რძალი; ხუთი შვილიშვილი და ყოველ დილას მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ვიყავი ერთი და ახლა თერთმეტნი ვართ.

© Photo: Courtesy of Yuza Moshiashviliიუზა მოშიაშვილი
იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
იუზა მოშიაშვილი

- ბატონო იუზა, ისრაელში შემოქმედებითი საქმიანობა გააგრძელეთ  და დღეს იქ  როგორც ქართული სიმღერების შემსრულებელს კარგად გიცნობენ…

— იქ დავიწყე საკუთარი ბიზნესი, ჩამოვაყალიბე ანსამბლი, რომლის ძირითადი რეპერტუარი, რასაკვირველია, ქართული სიმღერები იყო. მოხდა ისე, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესს ჩამოვშორდი და ჩემს საყვარელ საქმიანობას — მუსიკას დავუთმე მთელი ჩემი დრო. თუმცა, მინდა ობიექტური ვიყო და ვაღიარო, რომ ქართულ სიმღერას, ცოტა არ იყოს, ბოლო დროს გაუჭირდა ისრაელში, თაობათა ცვლამ სხვა ინტერესი შემოიტანა მუსიკალურ გემოვნებაში. ჩემი თაობის მუსიკოსებმა დიდი ღვაწლი გასწიეს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში არა მხოლოდ ისრაელში. ამიტომ თავს უფლებას მივცემ გავახმოვანო აზრი იმის თაობაზე, რომ ჩემი აზრით, მეტად სასარგებლო იქნება ერთობლივი პროექტები, გემოვნებიანი ქართული სიმღერის პოპულარიზაცია, რათა ახალი თაობის ცნობიერებაშიც დაილექოს დალოცვილი ლამაზი ჰანგები, მათაც ისევე შეიყვარონ ქართული სიმღერა, როგორც ჩვენ გვიყვარს.

© Photo: Courtesy of Yuza Moshiashviliიუზა მოშიაშვილი
იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
იუზა მოშიაშვილი

- თქვენ ბევრჯერ სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენაზე ბევრჯერ მდგარხართ…

— დიახ, ბევრჯერ ვმდგარვარ დიდ სცენაზე: თბილისში, მოსკოვში, ნიუ-იორკში, ვენაში, ანტვერპენში, ბუდაპეშტში, ისრაელში ანშლაგების მიმდინარე კონცერტებზე ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზებში. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი მსმენელის, მეც მათთან ერთად გავიზარდე. როცა გულით მღერი, ყველა კონცერტს აქვს განსაკუთრებულობის ელფერი, მაგრამ გეთანხმებით, ცნობიერება გამორჩეულს ინახავს. ქუთაისში ყოველთვის ჩქეფდა  კულტურული ცხოვრება და ეპიცენტრი ლადო მესხიშვილის თეატრი გახლდათ.  განსაკუთრებულად მიყვარდა მუს-კომედიური ჟანრის სპექტაკლები, ხშირად ვთხოვდი ხოლმე მშობლებს ამ წარმოდგენებზე წაყვანას, ისინიც შესაძლებლობის ფარგლებში მისრულებდნენ თხოვნას. ქალაქს ხშირად სტუმრობდნენ ლეგენდარული ანსამბლები: „დიელო“, „ორერა“, „რერო“…

© Courtesy of Imedo Janashviliიმედო ჯანაშვილი და იუზა მოშიაშვილი
იმედო ჯანაშვილი და იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
იმედო ჯანაშვილი და იუზა მოშიაშვილი

- სიტყვამ მოიტანა და, იმ პერიოდიდან რაიმეს ხომ არ გაიხსენებდით?

— მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, ქუთაისში „ორერას“ გასტროლები ანშლაგებით მიდიოდა. კონცერტები  ლადო მესხიშვილის თეატრში ტარდებოდა, დღეში ზოგჯერ 7 კონცერტიც კი იმართებოდა. სამწუხაროდ, მამა იმ პერიოდში პატიმარი იყო და ფინანსურად საკმაოდ გვიჭირდა, ბილეთის ფული არ მქონდა, არადა, ძალიან მინდოდა კონცერტზე მოხვედრა. ჰოდა, ჩემებური ხერხი ვიხმარე, სკოლიდან გამოვიპარე, ჩანთით ხელში და კარებში შემავალი ხალხის რიგში ჩავდექი. როდესაც შესასვლელს მივუახლოვდი, ჩანთიანად მუხლებზე დავეშვი, რომ კონტროლიორს არ დავენახე და ასე ჩოქვით გავყევი ნაკადს. მართლაც ისე შევიპარე, არავის გავუჩერებივარ. დარბაზში ნემსს ვერ ჩააგდებდი, მაყურებელი კიბეებზეც კი იჯდა. ანგარიშმიუცემლად მივიწევდი წინ, სცენისკენ. პატარა ვიყავი და ადამიანები გზას მითმობდნენ —„მიდი შვილოო“. ასე აღმოვჩნდი დარბაზის შუაგულში. ბუბა კიკაბიძე „მეფაიტონეს“ მღეროდა. სუნთქვაშეკრული ვუსმენდი, ვერავის ვხედავდი გარშემო, იმ წუთას ვიდექით მხოლოდ მე და ბუბა — ის მღეროდა, მე — ვტიროდი. ძალიან ემოციური ეპიზოდი იყო. იმ დღეს დავიფიცე, რომ ერთხელაც აუცილებლად ვიმღერებდი ბუბასთან ერთად სცენაზე.

© Photo: Courtesy of Yuza Moshiashviliიუზა მოშიაშვილი
იუზა მოშიაშვილი - Sputnik საქართველო
იუზა მოშიაშვილი

- ეჭვი მაქვს, მაგ ფიცს აასრულებდით…

— დიახ, ეს 1970 წელში მოხდა და ჩემი სიტყვა 1987-ში შევასრულე. ანსამბლი „ორერა“ გასტროლებით ისრაელს ეწვია. ისინი ერთ-ერთი პირველი მერცხლები იყვნენ წმინდა მიწაზე „ჩაკეტილობის ხანის“ შემდეგ. მათ ვიზიტს დიდი ემოციები ახლდა. აშდოდში გრანდიოზული მიღება და ბანკეტი გაუმართეს. მე ჩემი ანსამბლი მყავდა — „დინამიტი“. შევასრულე სიმღერა „რატომ ამაფორიაქე“. ბუბას მანერით ვმღეროდი, მაშინვე იგრძნო მომღერალმა ჩემი მისდამი განწყობა — ბუბა პრეზიდიუმიდან ჩამოვიდა და ჩვეული ღიმილით გადამეხვია: ჩემო ვაჟკაცოო!- მითხრა და ორივეს ცრემლი მოგვერია. მაშინ ერთად ვიმღერეთ მისი ლეგენდარული „მეფაიტონე“. ეს იყო ჩემი 17 წლის წინანდელი ფიცის შესრულების დღე.

- ახალი წლის დღეებში უფრო საინტერესო იქნება თქვენი ბავშვობის დროინდელი ამბებიდან რომელიმეს მოსმენა…

— ასეთი ამბავი მართლაც ბევრია… როგორც გითხარით, ბევრჯერ ვმდგარვარ დიდ სცენაზე, მაგრამ ჩემი „ოლიმპუსი“ ბავშვობიდან ლადო მესხიშვილის თეატრის სცენა იყო. ერთი ასეთი ამბავი მინდა გავიხსენო: 2012 წელი იდგა. ჩემი საყვარელი მამიდაშვილის, მალვინა ხანანაშვილის ქალიშვილი, ნინო ჩიკვაშვილი, ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლის — „პროგრესის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მათ 10 წლის იუბილე სწორედ ამ ლეგენდარულ თეატრში აღნიშნეს. თუ სიჭაბუკეში ეს სცენა მიუწვდომელად მეჩვენებოდა, ამ დღეს ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა: მე ჩემს საყვარელ  ქალაქში, ჩემს საყვარელ სცენაზე, ჩემ საყვარელ სიმღერებს ვმღეროდი და  თავი ზღაპარში მეგონა…

- და ბოლოს, ბატონო იუზა, თქვენი ერთი სიმღერის სახელწოდებაა „დავბერდი“- რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ სიბერე არ მოერიოს და არ დაბერდეს?— ანუ ან ამ საახალწლო თქვენებურად რამე თბილი გვითხარით…

— ადამიანი რომ არ დაბერდეს?.. ჩვენი ინტერვიუს ფორმატიდან გამომდინარე, ეს ალბათ რიტორიკული კითხვაა და ვფიქრობ, ჩემგან ამჯერად პასუხს არ მოელით — „ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს“ —ეს სხვა საუბრის თემაა და ამ საკითხს ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანები უკეთ განმარტავენ. ჩემი პასუხიც რიტორიკული იქნება, რიტორიკული და გულწრფელი: გულს სიყვარული აცოცხლებს, სულს სიძულვილი აბერებს, თვალს სილამაზე უნარჩუნებს სხივსა და ელვარებას —  გვიყვარდეს ადამიანი, ნუ დავემონებით შურს, ბოღმასა და მტრობას, შევიგრძნოთ სამყაროს მშვენიერება ისეთი, როგორიც გამჩენმა შექმნა და ვიყოთ ამის მადლიერნი, სიცოცხლეშივე ვუთხრათ  ერთმანეთს სიყვარულის და მოფერების სიტყვა, რადგან ხვალ შეიძლება ეს სიტყვა შუაში გაგვიწყდეს, გვიხაროდეს ერთმანეთის სიკეთე და კიდევ უფრო მეტი ვუსურვოთ გულით, გავიღიმოთ და ვიყოთ ბედნიერნი, თუკი კიდევ შეგვიძლია ერთმანეთის გახარება.. ამ ცისქვეშეთში ღმერთისგან ნაბოძები სიცოცხლე მთელი თავისი სილამაზით უნდა დავინახოთ. აი, ესაა ჩემი „ახალგაზრდობის ელექსირი“. ბედნიერი ვარ ჩემს გარშემო ამდენი ერთგული მეგობრით, როგორც ისრაელსა და საქართველოში, ასევე  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მათ „ჩემი ბედნიერება“ ჰქვიათ. ყველას დაგილოცავთ ოჯახებს, მრავალი სიხარულით სავსე ახალი წელი შემოსულიყოს ჩვენთვის ამ ყველაზე წმინდა ალაგში, რასაც ჩვენი ოჯახი ჰქვია!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0