თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ტურიზმი 2018 წელს საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სფეროდ რჩება. დიდი რაოდენობით ტურისტების მოსაზიდად მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
2017 წლის 11 თვის ბოლო მონაცემებით, საქართველოს დაახლოებით 7 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18,4%–ით მეტია. ტურისტების რაოდენობა, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს, 3 მილიონ 243,9 ათასი ადამიანია.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების თანახმად, განვითარების ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება საქართველოს ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად გადაქცევა. ამისთვის ახალ წელიწადში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში მეტ ტურისტს მოიზიდავს, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წელს გაუწევს რეკლამირებას საქართველოს, როგორც მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანას, გარდა ამისა, იგეგმება მუშაობა საქართველოს საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩასართავად.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წელს ევალება კულტურის ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობებისკენ მიმავალი საგზაო ინფრასტრუქტურის რემონტი და განვითარება.
ამას გარდა, 2018 წელს იგეგმება ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულების – ეკოტურიზმის ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით დაეთმობა დაცული ტერიტორიების გაფართოებასა და პოპულარიზებას. ამაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა.
ამასთან, დაცული ტერიტორიების დამთვალიერებლების რიცხვის გაზრდის მიზნით იგეგმება გაცნობითი ტურები მიზნობრივი ჯგუფებისთვის და სარეკლამო აქციები.
საქართველო ასევე აპირებს ტურიზმის სხვა – სამედიცინო, სპორტული, ღვინისა და სხვა სახეობების განვითარებას.
მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა შეიქმნას ახალი ტურისტული პროდუქტები და გაძლიერდეს მარკეტინგი.