თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. კორპორაცია Google დადებითად აფასებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც ქვეყნის ტურისტული ობიექტების პოპულარიზებისა და ტურისტების რაოდენობის მიზნით დაიწყო. ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
საქართველოში იმყოფებიან Google Ukraine-ის დირექტორი დმიტრი შოლომკო, Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი და Google Ireland-ის მენეჯერი დმიტრი გოლიკი.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია კორპორაცია Google-თან უკვე ორი წელია თანამშრომლობს. მიმდინარე წლის ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვაში სწორედ Google მონაწილეობდა აქტიურად. ზამთრის მარკეტინგული კამპანიას ტურიზმის ადმინისტრაცია ასევე Google-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
მარკეტინგული კამპანია მოიცავს 19 ქვეყანას: რუსეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე ორი წელიწადია ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კორპორაცია Google-თან. ეს თანამშრომლობა Google მხრიდან აისახება მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში და მისი ეფექტურობის გაზრდაში. ჩვენი ბოლო კამპანიები Google-მა შეაფასა, როგორც ძალიან წარმატებული კამპანიები. ამ რეზულტატების გასაცნობად და მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად დღეს ჩვენ საქართველოში ვმასპინძლობთ Google-ის თანამშრომლებს დუბლინისა და კიევის ოფისებიდან", — განაცხადა ჩოგოვაძემ.
Google Ukraine-ის დირექტორის, დმიტრი შოლომკოს განცხადებით, მარკეტინგული კამპანიები შედეგიანი აღმოჩნდა. ტურისტების რაოდენობა იზრდება, ხოლო Google მათი რაოდენობის გაზრდისკენ არის განწყობილი.
"საქართველოს მარკეტინგული კამპანია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებულია, და ძალზე სასიამოვნოა, როდესაც ბევრი ადამიანი გამოხატავს ინტერესს თქვენი პროდუქტის მიმართ", — განაცხადა შოლომკომ.
საქართველოს იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 6,4 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 18,8%-ით მეტია. ასეთია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები.
აქედან 3 მილიონზე მეტი ტურისტია, რაც გასული წლის მონაცემებზე 28%-ით მეტია. როგორც უფრო ადრე ჩოგოვაძემ განაცხადა, ასეთი შედეგები სწორმა და წარმატებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ მოიტანა, რომელსაც საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.