თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 6,4 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 18,8%-ით მეტია. ასეთია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები.
აქედან 3 მილიონზე მეტი ტურისტია, რაც გასული წლის მონაცემებზე 28%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ მოქალაქეები აზერბაიჯანიდან (+10,8%). ლიდერთა ხუთეულში ასევე შედიან სომხეთის (+15,8%), რუსეთის (+33,3%), თურქეთისა (-4,1%) და ირანის (+122,8%) მოქალაქეები.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიდერობენ დიდი ბრიტანეთის (+40%), ავსტრიის (+36,8%), ნიდერლანდების (+34,6%), საფრანგეთის (+30,4%) და გერმანიის (+29,1%) მოქალაქეები.
ვიზიტორების დიდი ზრდა შეიმჩნევა საუდის არაბეთიდან (+171,5%), ქუვეითიდან (+150,3%), ირანიდან (+122,8%), კორეიდან (+88,1%), უზბეკეთიდან (+75,4%), ინდოეთიდან (+70%) და ჩინეთიდან (+56,9%).
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს 608 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, რაც 15,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. აქედან ტურისტი 159 ათასზე მეტი ადამიანი იყო.
2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შემოსავლებმა უცხოური ტურიზმიდან 1,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 225 მილიონი დოლარით, ანუ 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოში 2016 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ წელს 7 მილიონამდე ვიზიტორს ელოდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოში განაცხადა, რომ ქვეყანას წელიწადში 15 მილიონამდე ვიზიტორის მიღების პოტენციალი აქვს. მისი განცხადებით, ეს ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს.