საქართველოს პრემიერმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

© FB/ Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ილია მეორე
გიორგი კვირიკაშვილი და ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა მის უწმინდესობას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა და დღეგრძელობა  უსურვა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს 85 წელი შეუსრულდა. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ეს იყო უმძიმესი 40 წელი

 „დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია. მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – ნათქვამია კვირიკაშვილის მილოცვაში. 

მან აღნიშნა, რომ ის ხალხი, რომელსაც ასეთი წინამძღოლი ჰყავს, ბედნიერია.

 „მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს კვირიკაშვილი  Facebook–გვერდზე. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 

1952 წელს ილია მეორემ ვლადიკავკაზის № 22–ე საშუალო სკოლა, 1957 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.  24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. 

ილია II - Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 86 წლის გახდა

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საქართველოში 2017 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილე იზეიმეს. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაშია 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0