თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მოერე კონსილიუმის შემდეგ ექიმებმა დაასკვნეს, რომ დასაშვებია 19 წლის თამერლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაიყვანონ, განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფებისთვის დახმარების აღმოჩენაში ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაცია თბილისსა და პანკისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. სუს–ის თანამშრომლებმა დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. რაც შეეხება მეხუთე ეჭვმიტანილის – ტემირლან მაჩალიკაშვილს, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.
პაციენტის უცხოეთში გადაყვანის დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ კონსილიუმის დროს სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
მისი სიტყვებით, უცხოეთიდან მოწვეულმა ნეიროქირურგმა დადებითად შეაფასა ჩატარებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი, თუმცა, პაციენტის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რეანიმატოლოგებმა უნდა მიიღონ.
მაჩალიკაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე უკვე მეცხრე დღეა მიერთებული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, უწყება მზადაა ყველა აუცილებელი ხარჯები დაფაროს და დახმარება გაუწიოს პაციენტის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას.
სუს–ის ინფორმაციით, გორნაკაშვილი, ალდამოვი, მარგოშვილი, ჩოფანაშვილი და მაჩალიკაშვილი ჩატაევსა და მის დაჯგუფებას დაეხმარნენ თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.
სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბორზიევი დააკავეს. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.
სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს–ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, სხეულის დაზიანებები მიიღეს სუს–ის ორი თანამშრომელი და შსს–ს ორი თანამშრომელი.