ტერორისტ ჩატაევის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ტერორისტ ახმედ ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik.  პროკურატურამ ტერორისტ ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველებისთვის დახმარების ბრალდებით თბილისსა და პანკისის ხეობაში   დაკავებული ხუთი  პირიდან ოთხს ბრალი წაუყენა, იუწყება ტელეკომპანია Rusatvi2.

ჩატაევისთვის დახმარების აღმოჩენაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი ხუთშაბათს გაიმართა. მათ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) თანამშრომლებმა  სამშაბათს დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. რაც შეეხება მეხუთე ეჭვმიტანილის – ტემირლან მაჩალიკაშვილს, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. 

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
სუს-მა ჩატაევის თბილისში მოკლული თანამზრახველების ვინაობა დაადგინა

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ  როდესაც სპეცრაზმი გამოჩნდა, მას საწოლში ეძინა და არანაირი ხელყუმბარა არ ეჭირა ხელში. ამ სიტყვების დადასტურებად მათ ჟურნალისტებს გასისხლიანებული ბალიში უჩვენეს.

რაც შეეხება თავად საქმეს, სუს–ის მონაცემებით, მათ ბრალად ედებათ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირი. სუს-ის მონაცემებით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩატაევსა და მის დაჯგუფებას, თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის  – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბორზიევი დააკავეს. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება", რაც ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.


ყველა ახალი ამბავი
0