მოგონებებში „ძაღლის ნაკბენივით" ჩარჩენილი 4 იანვარი ანუ როგორ გადავურჩი ავღანეთის ომს

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშისადესანტო სამხედრო ნაწილის სწავლებები, არქივის ფოტო
სადესანტო სამხედრო ნაწილის სწავლებები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik საქართველოს ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მის თავს გადახდენილ სახალისო ისტორიას გიამბობთ იმაზე, თუ როგორ გადმოხტა პირველად პარაშუტით და როგორ გადაურჩა ავღანეთის ომში წაყვანას

სანამ ამბის თხრობას დავიწყებ, გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას! ამბავზე კი შესაძლოა გაგეღიმოთ, ახლა მეც მხიარულად გიყვებით, თუმცა მაშინ დანა პირს არ მიხსნიდა. 

ეს ის დროა, როდესაც ყველა ახალგაზრდასავით მეც უაზროდ ვფლანგავდი დროს… შორეული 70-იანებია, 31 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი ახალ წელს და მეგობრებთან ერთად გადავეშვი სადღესასწაულო ორომტრიალში, თან იმ დოზით, რომ „სადღაც დამეკარგა“ 1, 2, და 3 იანვარი…

ძაღლი - Sputnik საქართველო
დონ კარლოს ტყემალაძის წინასაახალწლო გასაჭირი

4 იანვარს, ახლად გათენებულზე, კარზე დაჟინებულმა ზარის ხმამ გამომაღვიძა (უცნაურია და საკუთარ ოჯახში). სამუშაო დღე გახლდათ და შინ მარტო მყოფმა ბურდღუნით გამოვაღე კარი და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სამი მამაკაცის, ერთი მაიორისა და ორი ფიშტოიანი ჯარისკაცის წინაშე აღმოვჩნდი ნიფხავ-პერანგის ამარა. მკაცრი ტონით ვინაობა გაარკვიეს და გამომიცხადეს სამშობლოს დასაცავად ავღანეთში მიგვყავხარო. ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრება მეთქი, მაგრამ როდესაც ასე შიშველ-ტიტველმა დახურულ საბარგო მანქანაში ამოვყავი თავი, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო.

გურული ფირალები - Sputnik საქართველო
გურულების ბრძოლა, თავმოჭრილი ბეგლარბეგი თავდგირიძე , ლელობურთი და ხასანბეგურა

სამი საათი ვიმგზავრეთ და გამახსენდა, რომ ორიოდე თვით ადრე სამხედრო კომისარიატში დამიბარეს, მკითხეს აღმოსავლეთმცოდნეობა ხომ გაქვთ დამთავრებულიო. კვერი დავუკარი, მაგრამ ავუხსენი, რომ მე არაბული ენების განხრით ვსწავლობდი, მათ კი სპარსული ენის სპეციალისტი სჭირდებოდათ (გაგანია ომია ავღანეთში). კომისარი მეკითხება არაბულში მარჯვნიდან მარცხნივ წერთო? ამაზეც დავეთანხმე. კარგიო და გამომიშვეს. აი, ამ თანხმობამ დამღუპა. რადგან ორივე ენაზე დამწერლობა ერთი მიმართულებით ხდებოდა გადაწყვიტეს, რომ ენაც იგივე იყო…

მოკლედ, აღმოვჩნდი ლაგოდეხთან ახლოს, კაბალჰესის ტერიტორიაზე მდებარე კარვების ბანაკში, სადაც მომავალი „ავღანელების“ მომზადება ხდებოდა.

ჩვენი უფროსი გახლდათ ივან ივანიჩ ტაპორინი, კაცი შეუვალი, რომლისთვისაც ბრძანების იქით არანაირი არგუმენტი არ არსებობდა. დამიბარა თავისთან და გამომიცხადა:- ორ დღეში კუშკაში (სადღაც შუა აზიაშია, საიდანაც ავღანეთში გადაჰყავდათ სამხედროები) უნდა იყო და მანამდე პარაშუტით გადმოხტომა უნდა ისწავლოო.

აქამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ რაღაცნაირად გადავრჩებოდი, მაგრამ „პარაშუტის“ ხსენებამ ყველა იმედი მომისპო.

უძველესი ისტორიული ხელნაწერების კრებული - Sputnik საქართველო
საქართველოში დამარხული კეისრის განძი და საიდუმლოს შეწირული არჩილ მეფე

იმ დღეს მასწავლეს პარაშუტის დაკეცვა-ჩაწყობა და მეორე დილით ლაგოდეხის სამხედრო აეროდრომზე მიმიყვანეს. ჩემს გარდა იქ ბევრი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ასე საჩქარო წესით რატომღაც მარტო მე მამზადებდნენ. აეროდრომზე ივან ივანიჩთან ერთად ვიღაც პოლკოვნიკი დამხვდა, შეამოწმა ჩემი ეკიპირება და შეკითხვები დამისვა. მეც გაზეპირებული ფრაზებით ვპასუხობ. ამ ეკიპირებაში დამხმარე პატარა პარაშუტთან ერთად დიდი დანა იდო, ე. წ. „შტიკ-ნოჟი“, ისეთი სილვესტრ სტალონეს რემბოს რომ აქვს. პოლკოვნიკი მეკითხება ამ დანის დანიშნულება თუ იციო. ჩემი ჭკუით გავეხუმრე, როგორ არა, თუ არც ერთი პარაშუტი არ გაიხსნა ყელი უნდა გამოვიჭრა მეთქი ვუპასუხე. ამან კიდევ სერიოზული სახით შემაქო ყოჩაღო და…  მივხვდი, რომ შესაძლოა ეს ჩემი უკანასკნელი ხუმრობა ყოფილიყო…

ბევრი რომ არ გავაგრძელო 2000 მეტრიდან გადმოვხტი თუ გადმომაგდეს არ მახსოვს, სამაგიეროდ მახსოვს ის დიდი სიამოვნება, რომელსაც განიცდი ფრენის პროცესში. ამის აღწერა შეუძლებელია. საოცარი განცდაა იმ მომენტამდე, სანამ შენსკენ დიდი სისწრაფით მოახლოებულ დედამიწას არ დაინახავ. თვალები დავხუჭე, ფეხები შევატყუპე და მშობლიურ ლაგოდეხის მიწაზე მშვიდობიანად გავგორდი. ფეხზე წამომდგარმა, პირველი რაც დავინახე ორი შავი ვოლგა იყო, საიდანაც „სერიოზულად“ ჩაცმული მამაკაცები გადმოდიოდნენ. ჩემდა საბედნიეროდ ერთი მათგანი მამაჩემი გახლდათ…

ტოპკაპის სასახლე სტამბულში - Sputnik საქართველო
ქართული ოქროს აკვანი ტოპკაპის სასახლეში და ალექსანდრე კახთბატონის ტრაგედია

იმ დილით მეზობელს დავუნახივარ მანქანაში რომ ჩამსვეს და გამაქანეს. შეუტყობინებია ჩემებისთვის და 24 საათიანი ძებნის შემდეგ აღმომაჩინეს ავღანეთში გასაგზავნ ოფიცერთა სიაში. არ ვიცი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით რომელი ცხოველის წელი იყო, მაგრამ მე რომ ძაღლის ბედი აღმომაჩნდა ფაქტია. ასე გადავრჩი კუშკა-ავღანეთს, თუმცა უნდა ვაღიარო- რომ არა ეს ისტორია, ვერასოდეს გადმოვხტებოდი პარაშუტით და ვერც ამ დიდ სიამოვნებას განვიცდიდი რასაც, ალბათ, თავისუფალი ფრენა ჰქვია. ამ შემთხვევის მერე 4 იანვარი ძაღლის ნაკბენივით მახსოვს, ალბათ ამიტომაც გამახსენდა ყვითელი ძაღლის წელს…

 


ყველა ახალი ამბავი
0