თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ახალ წელსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, იუწყება ტელეარხი Imedi.
„დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს — უნდა მივეგებოთ განწყობით, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის“, — განაცხადა მეუფემ.
მეუფე შიომ მრევლს ასევე შეახსენა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საღამოდან 1-2 იანვრის ჩათვლით შობის მარხვა თევზით ხსნილია.
მან კიდევ ერთხელ მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე.
„ჩვენ კიდევ ერთხელ, მის მიერ აშენებული ამ საოცარი ტაძრიდან, ქედს ვიხრით მისი ღვაწლის წინაშე და ვულოცავთ ამ დიდ თარიღებს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიხარულს“, —აღნიშნა მან.
ქადაგებისას მეუფემ ასევე მარადიულობის ცნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ადამიანებს მარადისობისა და უფლის რწმენა არ ექნებათ, ყველაფერი აზრს დაკარგავს: „თუ ჩვენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს. თქვენ იცით, რომ თანამედროვე სეკულარისტულ აზროვნებაში ეს სწორედ ასეა, რომ მარადისობის ცნება და ამგვარი ცხოვრებისეული აზრი სრულებით გამორიცხულია“.
ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თანამოსაყდრედ 23 ნოემბერს დაასახელა.
პატრიარქის თანამოსაყდრეობა ნიშნავს პატრიარქის ავადმყოფობის ან ქვეყნის დიდი ხნის დატოვების დროს მისი მოვალეობის შესრულებას. ამასთანავე, მოსაყდრეს ევალება პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მართოს ეკლესია და მოამზადოს ახალი პატრიარქის არჩევნები.