თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საბურთალოზე გამრეკელის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
დანაშაული პარასკევს საღამოს მოხდა. ტელეარხ Rustavi2-ის მონაცემებით, შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და ფული მოითხოვა. მომხდარზე სწრაფი რეაგირება შსს-ს დაცვის სამსახურმა მოახდინა, რომელმაც საპატრულო სამსახური გამოიძახა. ისმოდა სროლის ხმა.
ბანკის ფილიალის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა. ადგილზე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა გამოიძახეს.
საბოლოოდ ბოროტმოქმედი პირდაპირ ბანკის ფილიალთან დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობისა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით არის აღძრული, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.