თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტის კურორტ გომარდულზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
სამთო-სათხილამურო და კლიმატურ კურორტზე სეზონის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, გიდებმა, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა და ტურისტებმა.
„მინდა პირველ რიგში დამდეგი ახალი წელი მივულოცო აჭარის მთის კურორტიდან სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რადგან აჭარა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს როგორც ოთხივე სეზონის დანიშნულება, როგორც ზამთრის კურორტებით გამორჩეული ადგილი. დღეს უკვე კურორტ „გომარდულიდან“ ვულოცავ ჩემს ხალხს კიდევ ერთ წარმატებას და ვუსურვებ პოზიტიური სიახლეებით სავსე 2018 წელს“, — განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
გომარდული — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, გაიხსნა 2011 წელს. მაშინ იქ სათანადო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. შემდგომში მოთხილამურეებისათვის იქ საბაგირო გზა და ტრასა გაკეთდა.
დღეს გორდულში, რომელიც ბათუმიდან 70 კმ-ში მდებარეობს, ყველაფერი შეიცვალა. წყალმომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდება გამართულად მუშაობს. ფუნქციონირებს ხუთი კოტეჯი და კვების ერთი ობიექტი, რომელიც 60 კაცზეა გათვლილი. იქვე მდებარეობს ათი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომელშიც 80 ადამიანი განთავსდება.