თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის ქალაქ ლოს-ანჯელესში დეკემბრის დასაწყისში მეცნიერებისა და განათლების ფონდ NOVA-ს ინიციატივით ქართული დოკუმენტური ფილმ „სიმღერის" პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი რობ მენინგი, „ვოიაჯერის" პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კასანი, მეცნიერები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ამას წინ უძღოდა თბილისში მიმდინარე წლის 25-28 სექტემბერს „ჩაკრულოს კვირეული" — პოლიფონიური სიმღერის „ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. NASA-ს მეცნიერებმა ჯონ კასანმა და რობ მენინგმა ამ ღონისძიებების ფარგლებში საჯარო ლექციები წაიკითხეს.
„საქართველოში გამართული ვოიაჯერის 40 წლის იუბილეს შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა პროგრამის ხელმძღვანელებმა ამერიკაში დამპატიჟეს. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში გამართულმა ღონისძიებამ და მაშინ შევთავაზე მარინა ლომთათიძეს [ღონისძიების ორგანიზატორი] ლოს-ანჯელესშიც გაგვემართა იუბილე", — აღნიშნა ფონდ NOVA-ს დამფუძნებელმა რამაზ ბლუაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
ბლუაშვილის თქმით, საქართველოში გამართული ვოიაჯერის 40 წლის იუბილეს უფრო დიდი დაინტერესება მოჰყვა, ვიდრე, მაგალითად, NASA-ს ღონისძიებას ვაშინგტონში.
რეჟისორმა და ფონდის დამფუძნებელმა რამაზ ბლუაშვილმა დოკუმენტურ ფილმზე 2016 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. ფილმი ეხება 40 წლის წინ NASA-ს მიერ ქართული „ჩაკრულოს" კოსმოსში გაგზავნის საინტერესო ისტორიას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა NASA-ს კოსმოსური კვლევების ცენტრში.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნა.
საღამოზე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ეკლესიის მგალობელთა გუნდმა საგალობელი „შენ ხარ ვენახი" შეასრულა.