თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში იმყოფება NASA-ს მნიშვნელოვანი კოსმოსური პროექტების — „ვოიაჯერისა" და „გალილეოს" ხელმძღვანელი ჯონ კასანი, რომლის წყალობით 1977 წელს „ერისიონის" ნამღერი „ჩაკრული" კოსმოსში გაიგზავნა.
იუმესკომ ქართული მრავალხმიანობა მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარა. NASA-მ „ჩაკრულო" კოსმოსში როგორც კაცობრიობის მუსიკალური ნიჭის ნიმუში გაგზავნა.
ორმოცი წლის წინ კასანმა ლეგენდარულ ამერიკელ ასტრონომს, ასტროფიზიკოს კარლ საგანს დაურეკა და უამბო, რომ რაკეტა "ვოიაჯერს" უშვებდა. მან ჰკითხა, ხომ არ იქნებოდა კარგი კოსმოსში რაიმე გზავნილის გაშვება. საგანი დაეთანხმა, და ამ სატელეფონო ზარის წყალობით დღეს ქართველები ამაყობენ იმით, რომ სიმღერა "ჩაკრულო" სხვა მსოფლიო მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად კოსმოსში იმყოფება.
„საქართველოს შესახებ ძალინ ცოტა რამ ვიცი. მე მქონდა წარმოდგენა, რომ ის სადღაც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა ყოფილიყო. ვიცი, რომ ეს პატარა ქვეყანა ცნობილია ღვინით, კარგი სამზარეულოთი, მაგრამ მის მუსიკას ჯერ არ ვიცნობ", — განაცხადა კასანმა ტელეარხ „იმედზე" (Imedi) გადაცემა "სხვა რაკურსში".
საქართველოში კასანთან ერთად NASA-ს კიდევ ერთი სპეციალისტი, მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი რობ მენინგი იმყოფება, სწორედ მან გაგზავნა მარსზე ყველა ის მარსმავალი, რომელთა მეშვეობით კაცობრიობა საოცარ სიახლეებს იღებს.
1977 წელს გაშვებულ „ვოიაჯერ" და „ვოიაჯერ 2"-ის ბორტებზე მოოქროვილი ფირფიტები 115 სლაიდით მიამაგრეს, რომლებზეც თავმოყრილია უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მონაცემები, დედამიწისა და მისი კონტინენტების ხედები, სხვადასხვა ლანდშაფტი, სცენები ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებიდან, მათი ანატომიური აგებულება და ბიოქიმიური სტრუქტურა, დნმ-ის ჩათვლით.
გამოსახულებების გარდა, ფირფიტებზე ჩაწერილია ხმები: დედის ჩურჩული და ბავშვის ტირილი, ფრინველების და ცხოველების ხმები, ქარისა და წვიმის ხმა, ვულკანებისა და მიწისძვრების გრუხუნი, ქვიშისა და ოკეანეს ტალღების შრიალი.
ადამიანის მეტყველება მსოფლიო ხალხთა 55 ენაზე მოკლე მისალმებებით არის წარმოდგენილი. გზავნილის განსაკუთრებულ ნაწილს მსოფლიო მუსიკალური კულტურის მიღწევები წარმოადგენს. „ჩაკრულოს" გარდა, დისკზე ჩაწერილია ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლუი არმსტრონგისა და ჩაკ ბერის ჯაზ-კომპოზიციები, მრავალი ქვეყნის ხალხური მუსიკა.