თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გორში იძულებით გადაადგილებულ პირთა 445 ოჯახს ახალაშენებულ 8 კორპუსში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ, ნათქვამია მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან პირადად გადასცა სამოთახიანი ბინის გასაღები პედაგოგ მედეა მაკრახიძის ოჯახს.
„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს, გილოცავთ ამ დიდ სიხარულს. მე თითოეულ თვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებს ვხედავ, ბედნიერი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით“, – განაცხადა პრემიერმა.
იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.