თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში კიდევ 240 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს — ისინი სახლებს თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებენ.
2012 წლიდან დღემდე მუდმივ საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართით უკვე 15,8 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.