თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, რომელიც ჟენევის მოლაპარაებების მორიგ რაუნდზე, 8-9 დეკემბერს გაიმართა, მხარეებმა ამჟამინდელ მდგომარეობაზე მსჯელობა და რიგი მნიშვნელოვანი პრობლემების გამოკვეთა შეძლეს.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს არის დიალოგის ერთადერთი ფორმატი აფხაზეთის, სამხრეთოსეთისა (ცხინვალისრეგიონი) და საქართველოს წარმომადგენლებისათვის. გარდა ამისა, მასში მონაწილეობენ რუსეთი, აშშ, ასევე ეუთო, გაერო და ევროსაბჭო.
განსაკუთრებით მწვავე იყო დისკუსია იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე, ასევე მოლაპარაკებები ქართული მხარის უართან დაკავშირებით, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან მშვიდობის შენარჩუნებაზე შეთანხმების განხილვაზე უარი განაცხადა.
მოლაპარაკებების მსვლელობისას რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთოსურმა მხარეებმა საქართთველოსა და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშრებით შეშფოთება გამოთქვეს.
„თბილისის დაჩქარებული ჩართვა ალიანსში ამიერკავკასიაში ვითარების გრძელვადიანი სტაბილიზების თვალსაზრისით მრავალმხრივ ძალისხმევას, მათ შორის ჟენევის დისკუსიების მუშაობას უთხრის ძირს“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართულმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენა ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებას, სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის ე. წ. „შეთანხმებაზე“ ხელმოწერის იმპლემენტაციის შედეგები.
საქართველოს ხელისუფლება რუსული ჯარის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების გახშირების შესახებ აკეთებს განცხადებას.
მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების მონაწილეებმა შეძლეს ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან „ადმინისტრაციული საზღვრების“ მოწყობა, რაც საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს; გარდა ამისა, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ქართულ-აფხაზურ „საზღვარზე“ ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენა აუცილებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში განიხილეს აფხაზურ, ქართულ და სამხრეთოსურ მხარეებს შორის ურთიერთქმედებების საკითხები არქივების გადაცემის, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროებში. დეტალურად გნიხილეს აფხაზეთის გალის რაიონში სასკოლო განათლების საკითხი.
ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 35-ე რაუნდი ჟენევაში 2016 წლის 22-23 მარტს ჩატარდება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.