თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik.რუსეთის ფედერაციის ქმედებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) ტერიტორიაზე გახდება ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე დღის ძირითადი თემა. განუცხადა ოთხშაბათს, 9 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟურნალისტებს.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს არის ერთადერთი სადიალოგო ფორმატი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა (ცხინვალის რეგიონი) და საქართველოს წარმომადგენლებისათვის. გარდა ამისა მათში მონაწილეობენ რუსეთი, აშშ, ასევე ეუთო, გაერო და ევროსაბჭო.
„განხილვის თემა იქნება შეიარაღების ზრდა როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში და ის შეთანხმებები რომლებიც აუქმებენ ე.წ. „შეიარაღებულ ძალებს“ ამ რეგიონებში. რუსეთი მთლიანად იღებს კონტროლს ამ შეიარაღებულ ძალებზე, რომელთაც შეთანხმების თანახმად აქვთ მანდატი მიიღონ მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში არა მარტო თავის ტერიტორიაზე, არამედ მისი ტერიტორიების გარეთაც. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა იგულისხმება ტერმინში „თავისი ტერიტორიის გარეთ“, — თქვა დონდუამ.
გარდა ამისა, დონდუას თქმით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს გალის რაიონში ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებების განახლების საკითხს. აღნიშნული მოლაპარაკებები 2012 წლის აპრილში შეწყდა.
ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე, რომელიც 26 ნოემბერს გაფორმდა, ხელმოწერილია ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში და გულისხმობს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას, ასევე საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნას.