თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ 14 ქუჩა შეარჩია, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებზე შეძლებენ.
თბილისში ცენტრალურ ქუჩებზე სამარშრუტო ტაქსებისთვის უკვე მოქმედებს შეზღუდვები არსებული მოსაცდელების გარდა სხვა ადგილზე გაჩერების თაობაზე, მაგრამ დედაქალაქის მცხოვრებლებისა და მძღოლების პროტესტის გამო, აკრძალვის შემოღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, იგი გააუქმეს.
„მოცემული საპილოტე პროექტის მთავარი ამოცანა, რომელიც თბილისში ეტაპობრივად გავრცელდება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა, მეორე მხრივ კი მაქსიმალურად ხელშეწყობა დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას“, – განაცხადა ბრიფინგზე მერის მოადგილე მაია ბითაძემ.
საუბარია ეხება შემდეგი მიმართულებებს: ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებს, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებს, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილს.
„პირველ ეტაპზე, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ჩვენი ექსპერტების დახმარებით, თბილისში 14 ქუჩა შეირჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან, სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მგზავრთა აყვანა და ჩამოსხმა მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ“, – აღნიშნა ბითაძემ.
მისივე თქმით, ორი თვის ვადაში თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები 259 მოსაცდელის ორგანიზებას უზრუნველყოფენ, მათ შორის, მათი გაფართოების კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.
ამასთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, რპმლებიც შეეხება თბილისში დარეგისტრირებულ ოთხ სამარშრუტო კომპანიებს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია თანამშრომლობს რუსთავის მერიასთან, რომელიც რუსთავის სამარშრუტო კომპანიებთან საკითხს დაარეგულირებს.
„ეს მნიშვნელოვანი ინოვაციაა იმ მიმართულებით, რომ გარკვეულწილად, ის მდგომარეობა დარეგულირდეს, რომელიც დღეს თბილისში არსებობს. მომავალი წლის თებერვლისთვის საორგანიზაციო საკითხები დამთავრდება და ნორმატიულ დოკუმენტებში აისახება, რომლის შემდეგაც, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყება. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ პროექტის შედეგს ახლო მომავალში ყველა ერთად დავინახავთ“, — განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.