თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს 13 ნოემბერს მიიღებს და შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოში გადააგზავნის, განაცხადა კომპანია „სითი ინსტიტუტი — საქართველოს" გენდირექტორმა მამუკა სალუქვაძემ პრესკონფერენციაზე.
მას შემდეგ, რაც თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე ოფიციალურად შეუდგება მოვალეობების აღსრულებას, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის გენგეგმის პროექტს. კალაძე აღნიშნულ დოკუმენტს უკვე გაეცნო.
სალუქვაძეს მიაჩნია, რომ თბილისის ახალი ხელისუფლება მიიღებს შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც მიმართულია ქალაქის მწვავე საკითხების გადაწყვეტისკენ. მათ შორის მოგვარდება ქაოტური მშენებლობების პრობლემა. პროექტი ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციების შემოღებას.
სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ნებართვა დღეის მდგომარეობით 6,5 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაცემული, შედარებისთვის, თბილისის მოედანი 720 მლნ კვადრატული მეტრია.
„ჩვენ გავაკეთეთ გაცემული ნებართვების ანალიზი და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ კიდევ რამდენი საცხოვრებელი ზონა შეემატება ქალაქს, მაგრამ გენგეგმის ჯგუფის პრეროგატივა არ არის კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვების გაუქმება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია ჩათვლის საჭიროდ, რომ რომელიმე მშენებლობის გამო საფრთხე ექმნება კონკრეტულ გამწვანებულ ტერიტორიას და ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი უფლებაა", – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის მომზადებისთვის 2,8 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა, დამკვეთი თანხას სრულად მას შემდეგ გადაიხდის, რაც დოკუმენტი საბოლოოდ დამტკიცდება.
სალუქვაძე 200 სპეციალისტიდან ერთ-ერთია, რომელიც პროექტზე მუშაობდა. დოკუმენტის დამტკიცებამდე პროექტის საჯარო განხილვა სხვადასხვა სფეროების სპეციალისტებთან, მათ შორის, არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს უნივერსიტეტებში გაიმართა.