თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. წლიდან წლამდე თბილისი სულ უფრო იზრდება, რაც დედაქალაქთან მეზობელი ქალაქების — მცხეთისა და რუსთავის შეერთების შესახებ საუბრის მიზეზი ხდება.
ამჟამად თბილისში დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სულ საქართველოში — 3,7 მილიონი. დღევანდელი მდგომარეობით, დედაქალაქის ზოგიერთი რაიონი უფრო მეტად არის დაშორებული ერთმანეთისგან, ვიდრე თბილისი მეზობელი ქალაქებისგან.
არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე დაუშვებლად მიიჩნევს ამ ქალაქების გაერთიანებას, რადგან მათ შორის მწვანე ზონებია.
„ქალაქის განვითარების არსებული გეგმიდან გამომდინარე, თბილისი რუსთავს არ უნდა შეუერთდეს. ამ ქალაქებს შორის უკვე არსებობს გამწვანების ზონა ტყე-პარკის სახით, რომელიც უნდა იყოს დაცული. არ უნდა მოხდეს რუსთავის შეერთება. იგივე ეხება მცხეთასაც", — განაცხადა ბოლქვაძემ „Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში.
მისი სიტყვებით, მეგაპოლისის მართვა საკმაოდ რთულია და ამ შეერთების პროცესის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი.
„ქალაქების გაერთიანება სამართლებრივი ნორმითაც რთულია და მუშაობის თვალსაზრისითაც არასწორია. ამიტომ ჩვენ ვემხრობით თბილისსა და რუსთავს შორის მწვანე რეკრეაციული ზონის შენარჩუნებას, ასევე თბილისსა და მცხეთას შორის, ამის გამო ჩვენ ამ ქალაქების გაერთიანებას არ დავუშვებით", — აღნიშნა ბოლქვაძემ.
ბოლქვაძე იმ 200-მდე სპეციალისტიდან ერთ-ერთია, რომელიც თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს. დოკუმენტის დამტკიცებამდე მიწათსარგებლობის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან მიმდინარეობს, მათ შორის, არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიაში და საქართველოს უნივერსიტეტებში.