წყალდიდობით განადგურებული წყნეთის გზა გაზაფხულზე გაიხსნება

© FB / Tbilisi City Hallწყნეთის გზის მშენებლობა
წყნეთის გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ივნისში ძლიერმა წვიმამ წყნეთის გზა გაანადგურა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზებზე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო, ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია 2015 წლის 13 ივნისის ღამეს. მეწყერმა გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა, მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

„კარგად იცით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად თუ რა პრობლემები შეიქმნა და ხედავთ არსებულ მდგომარეობასაც. აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ეს გზა სრულად აღდგება და ყველაფერი თანამედროვედ მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება“, — აღნიშნა კახა კალაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

მდინარე ვერე თბილისში - Sputnik საქართველო
წყალდიდობის შემდეგ: ვერე სახიფათო მდინარეა

ალავიძის თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, რომლის ფარგლებში მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტილებები.

„პროცესში მიუნხენის გეოლოგიის ინსტიტუტი და შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩართული. ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც აქამდე საქართველოში არ განხორციელებულა. გაზაფხულიდან აღნიშნული გზა სრულიად აღდგება“, — განაცხადა ალავიძემ.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის აღდგენით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. წყალდიდობის დღიდან დღევანდლამდე აღნიშნულ გზაზე გადაადგილება შეუძლებელია.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მილიონი ლარია. გზის სიგრძე დაახლოებით, ერთ კილომეტრს შეადგენს.

აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია Caucasus Road Project-ი ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0