წყალდიდობის შემდეგ: ვერე სახიფათო მდინარეა

© AP Photo / Pavel Golovkinმდინარე ვერე თბილისში
მდინარე ვერე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე ვერე ისევ სახიფათოა, მაგრამ წყალდიდობის ადრეული გაფრთხილების სისტემა მოსახლეობას იცავს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. მდინარე ვერე, რომელიც 2015 წლის ზაფხულში თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის მიზეზი გახდა, მაღალი რისკის მდინარის სტატუსს ინარჩუნებს, განაცხადა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ.

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა თბილისში წყალდიდობა გამოიწვია 2015 წლის 13 ივნისის ღამეს. მეწყერმა გარკვეული დროის განმავლობაში მდინარე ვერე გადაკეტა, მდინარის წყლის დონემ მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

„სადღეისოდ ვერე, როგორც ღვარცოფული ნაკადების მდინარის ხეობა, ბუნებრივია, უხვი და ექსტრემალური რაოდენობის ნალექის განვითარების შემთხვევაში მაღალი რისკის მდინარედ რჩება. მაგრამ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ხეობაში არსებული ადრეული გაფრთხილების და გაძლიერებული მონიტორინგის სისტემის წყალობით დღეს ჩვენ მსგავსი ექსტრემალური სტიქიური პროცესების წინასწარი პროგნოზირების შესაძლებლობა გაგვაჩნია", — განაცხადა ბაგრატიამ.

13 ივნისის წყალდიდობა - Sputnik საქართველო
სიკვდილი ფეხდაფეხ მოგვდევდა – ნანა ჩხენკელი 13 ივნისის სტიქიის შესახებ

წყალდიდობიდან ორი წლისთავზე ბაგრატიამ მედიის წარმომადგენლებს 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარუდგინა. სპეციალისტების მიერ მდინარე ვერეს ხეობაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი არეალი დადგინდა. შემდგომი რეაგირებისთვის და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით ანგარიში შესაბამის უწყებებს წარედგინა.

„მსგავსი ანომალიური მოვლენა თბილისს პრაქტიკულად არ ახსოვს. აქ გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მთელი კომპლექსი იყო. ერთ ხეობაში ერთდროულად მოხდა მეწყრული პროცესები, ღვარცოფული ნაკადები, კლდის ჩამოშლა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა და სეტყვაც", — განაცხადა გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ასევე მდინარე ვერეს ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდა, რომლის მეშვეობით მდინარეში კონტროლდება წყლის და, ზოგადად, ნალექის დონე, რაც დროული რეაგირებისა და წყალდიდობის პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი. სპეციალური დანადგარები დამონტაჟდა მდინარე ვერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფლებში დრეშში, ორბეთში, ვანათსა და მანგლისში.

ყველა ახალი ამბავი
0