13 ივნისის ავბედით დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის თვითმხილველებს დღემდე უჭირთ გახსენება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ქალბატონი ნანა ჩხენკელი ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წყალდიდობის ღამეს.
— სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს წარსულში დაბრუნება, მით უმეტეს, ძნელია იმ ღამის გახსენება… თითქოს რაღაც მოასწავებდა მოვლენათა ამგვარ განვითარებას – ერთი კვირით ადრე ძლიერ ადიდდა მდინარე ვერე და მის ნაპირებთან მცხოვრებლებს დიდი ზიანი მიაყენა. მეზობლები გვერდში დავუდექით. ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო…
იმ საღამოს, ალბათ, ცხრა საათისთვის ძლიერი წვიმა დაიწყო. ბუხარში კერძებს ვამზადებდი, მეორე დღეს სტუმრებს ველოდებოდით. მესმის დარტყმის ხმები, ვფიქრობ, რა ამუშავებს მირზას ასე გვიან, ამ წვიმაში-მეთქი. მირზა ჭინჭარაულს უშუალოდ მდინარის პირას ჰქონდა ახალი სახლი აშენებული. თორმეტი საათია, ხმაური არ წყდება. ვურეკავ მობილურზე, მობილური გამორთულია. ავდივარ მეორე სართულზე, რომ მირზას სახლს გადავხედო და რას ვხედავ — წყალი მირზას სახლის ფანჯრებამდეა მისული, დგას საშინელი გუგუნი და გრუხუნი. უკუნითი სიბნელეა და დიდად არაფერი ჩანს. ბეწვზე გადარჩა კაცი იმ ღამეს.
ჩვენი სახლი კლდეზეა აშენებული და წყალი კლდის ძირამდე ამოვიდა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მადლობა ღმერთს, იმ ღამით შვილიშვილები არ იყვნენ ჩვენთან, არც მირზას ჰყავდა ბავშვები სახლში. სასწრაფოდ ავიღეთ საბუთები და გავედით ეზოდან. სამეზობლოში კი თურმე დიდი ტრაგედიები ტრიალებდა: ერთი მოხუცი კაცი სახლიანად წაიღო აბობოქრებულმა ტალღებმა. მისი მეუღლე მოთქვამდა და რას მოთქვამდა. აქეთ მაშველები მოცვივდნენ, თურმე, ქარდავების დიდი ოჯახი სახლშია ჩარჩენილი, ტალახიანი, მძიმე წყალი კი ორსართულიანი კაპიტალური სახლის მეორე სართულის ფანჯრებამდეა ასული. იმარჯვეს მაშველებმა, სიცოცხლის ფასად გამოიყვანეს ყველა, პირველ რიგში კი ორი წლის ალექსანდრე!
ბევრი სახლი წაიღო და დაანგრია იმ ღამით ადიდებულმა და გადარეულმა მდინარემ. გამძვინვარებული სტიქია წარმოუდგენელი რამ ყოფილა… გვიჭირდა დაჯერება, მაგრამ სიკვდილი ფეხდაფეხ მოგვდევდა. ძალიან ბევრის მოყოლა შეიძლება…
ჩვენი სახლი უშუალოდ ხიდის თავშია. ჩაინგრა ეს უზარმაზარი რკინის ხიდი, წაიღო ჩვენი სათავსოები, დამხმარე ნაგებობები, ჩაგვირეცხა ღობე და ხეხილიანი მიწის ნაწილი. მაგრამ ამაზე ჩვენ არც ვლაპარაკობთ – სხვის უბედურებასთან შედარებით ეს ღვთის მადლი იყო. მდინარის მთელი მიმდებარე ტერიტორია ლამსა და ტალახში იყო ჩაფლული, ჩვენი ლამაზი ეზო-ბაღი, აფეთქებული სურნელოვანი ვარდებითა და ხასხასა მოლით ხელშეუხებელი იდგა ღვთისმშობლის კალთაგადაფარებული, ანგელოზების ფრთებით დაცული… დღესაც მადლიერების უსაზღვრო გრძნობით ვარ აღსავსე ზენა ძალების მიმართ! სხვანაირად ეს არ აიხსნება. ირგვლივ კი გოდება იდგა და დიდი ტრაგედია ტრიალებდა…
— იმ საღამოს მოვიდა ვინმე თქვენთან დახმარების გასაწევად?
— დიახ, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაშველებმა დიდი საქმე გააკეთეს. ვაკის გამგებელი თავისი ამალით აქ იყო. დილითაც მოვიდნენ, დასალევი წყალი მოიტანეს. დაზიანდა ყველა კომუნიკაცია – უბანს არც წყალი ჰქონდა, არც ელქტროენერგია, არც გაზი, დაზიანდა კანალიზაცია, ხიდი აღარ გვქონდა… დიდი კატასტროფა იყო. შესაბამისი სამსახურები მეორე დღიდანვე ამუშავდნენ, მაგრამ ყველაფრის აღდგენას დიდი დრო დასჭირდა. დადიოდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველაფერს აფიქსირებდნენ. ვისაც სახლი აღარ ჰქონდა, ისინი სასტუმროებში მოათავსეს, მოგვიანებით ყველანი დააკმაყოფილეს ბინებით. მაგრამ ადამიანი სუბიექტური არსებაა — ბევრი უკმაყოფილოა, ბევრიც კმაყოფილი…
— რა გავლენა იქონია თქვენ ოჯახზე სტიქიამ?
— დროებითი სიძნელეები, როგორც აღვნიშნე, იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, გაკვეთილები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. ადგილობრივი ხელისუფლება არ გაგვიმაგრებს კედელს, ჩვენ გავაკეთებთ, საერთო კიბესაც ავაშენებთ, ხიდსაც გავანათებთ. მათი ხელის შემყურე არასოდეს ვყოფილვართ. სხვათა შორის, ინსტანციებში სიარული ჩემი ინიციატივა იყო, თორემ ჩემმა მეუღლემ თავიდანვე მითხრა, მე მაგ საქმეში არ ჩამრიოთ, პასუხი მე უკვე ვიციო და მართალიც ყოფილა.
სიმართლე გითხრათ, ჩვენ, სოხუმელებს ამით ვერ გაგვაკვირვებ და ვერც შეგვაშინებ. ბომბების ცვენაც გვინახავს, შიმშილიც გამოგვიცდია, უსახლკარობაც, ახლობლების დაკარგვაც, მაგრამ, ღმერთის წყალობით, კეთილი ადამიანების გვერდში დგომით და ხელის განძრევით დღემდე ბედნიერად მოვსულვართ და კიდევ ვაპირებთ წინსვლას.