მარიამ იაშვილი ახალგაზრდა მეწარმეა. გამომდინარე იქიდან, რომ მის ოჯახს აქვს ხილის ბაღი, გადაწყვიტა საოჯახო ბიზნესი წამოეწყო და ჩირის წარმოება დაეწყო. იდეამ გაამართლა. მარიამის მიერ დაჩირულმა კარალიოკის ჩირმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
— პროფესიით იურისტი ვარ. 2015 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად ვარ მაგისტრატურის სტუდენტი იმავე მიმართულებით.
- როგორ გაჩნდა იდეა, ჩირის წარმოება დაგეწყოთ?
— გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახს აქვს ხილის ბაღი, გადავწყვიტე ახალი ბიზნეს იდეის განხორციელება და მონაწილეობა მივიღე USAID-ისა და Cristalis ფონდის პროექტში. ამ იდეის განხორციელება ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის დახმარებით შევძელი, რისთვისაც მადლობას ვუხდი პროექტის მთელ შემადგენლობას. ამჟამად ვაწარმოებ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, კარალიოკის და ხურმის ჩირს — „და-ჩირე". ამჟამად მხოლოდ კარალიოკის და ხურმის ჩირს ვაწარმოებ, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება სხვადასხვა ხილის ჩირი, რომლისთვისაც ხილს ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შევიძენთ. ამით ხელი შეეწყობა ადგილობრივების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აგრეთვე „და-ჩირეს" წარმოებაში რამდენიმე ადამიანი დასაქმდება ხილის გადამუშავების და გასაშრობად მომზადებისთვის.
- რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ჩირის ეს სახეობა?
— ჩირი თითქმის იგივე ოდენობით შეიცავენ ვიტამინებს და მინერალებს, რასაც დაჩირებამდე. მეტიც შეიძლება უფრო დიდი ოდენობითაც შეიცავდნენ. ჩირი მდიდარია საკვები ბოჭკოებით, ფოლიუმით, ფოლიფენოლებით და სხვა ანტიოქსიდანტებით.
კარალიოკის ჩირი — გამოირჩევა იმით, რომ გულძმარვას ებრძვის, შესაბამისად სადღესასწაულო დღეებში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულძმარვა აწუხებს ნამდვილად აღმოჩენაა. არ შეიცავს ცხიმებს. შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლოა.
- ვინ გეხმრებათ ამ საქმიანობაში?
— ჩირის წარმოებაში აქტიურად არიან ჩართული ჩემი მშობლები, მათი თანადგომა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- ეს საქმიანობა ხელს არ გიშლით სწავლაში?
— არანაირად. პირიქით ჩემი პროფესია მეხმარება მქონდეს წარმატებული ბიზნესი.
- სად ახდენთ თქვენი პროდუქციის რეალიზებას?
— რეალიზებას ვახდენ საქართველოში არსებულ ტკბილეულისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მაღაზიებში. მოხარული ვიქნები თუ სახელმწიფო შეგვიწყობს ხელს ახალგაზრდა მეწარმეებს ჩვენი პროდუქციის რეალიზებაში და ბიზნესის მეტად განვითარებაში.
- რა ღონისძიებებში და აქტივობებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
— მონაწილეობა მაქვს მიღებული „აწარმოე საქართველოს" პროექტში, სადაც მოვიპოვე გრანტი და ქალაქ ყვარელში გავხსენი საოჯახო სასტუმრო „Violet", რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ჩვენს ულამაზეს ყვარელს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
— სამომავლოდ ვგეგმავ „და-ჩირეს" განვითარებას, უამრავი საინტერესო და ახალი გემოს შექმნას.