თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გასულ კვირაში ბიტკოინის კურსის 26,85%-ით დაცემის შემდეგ, დღეს გამართულ ვაჭრობაზე კრიპტოვალუტის კურსმა ზრდა დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემებით, დღეს დილის 8:50 საათისთვის (თბილისის დროით), მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის კურსმა 12,09%-ით მოიმატა და 16,77 ათასი დოლარი შეადგინა. Bitfinex-ის ბირჟაზე ბიტკოინის კურსი 11,77%-ით გაიზარდა და 16,35 ათას დოლარს მიაღწია, ხოლო GDAX-ზე — 4,08%-ით და 16,43 ათასი დოლარი შეადგინა.
პორტალ Coindesk-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 4,24%-ით მოიმატა და 16,41 ათასი დოლარი გახდა.
გასულ კვირაში ბიტკოინის კურსი, რომელიც დაახლოებით 20 ათასი დოლარი ღირდა, მკვეთრად დაეცა და 13 ათას დოლარამდე დაიწია. ექსპერტები ამბობენ, რომ ად გილი ჰქონდა ზრდის შემდეგ კურსის ბუნებრივ კორექციას.
„ფასების ბოლო მოძრაობა აჩვენებს, რომ ბიტკოინი კვალავაც სპეკულატიური კაპიტალდაბანდებაა. ვაჭრობაზე ბიტკოინის უზარმაზარი ვოლატიურობა ნარჩუნდება“, — განუცხადა სააგენტო „როიტერს“ მსოფლიო ბაზარ Invesco-ს მთავარმა სტრატეგმა კრისტინა ჰუპერმა.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ბიტკოინი დაახლოებით 20-ჯერ გაძვირდა.
რაც შეეხება სხვა კრიპტოვალუტებს, CoinMarketCap-ის მონაცემებით მათი კურსი ასეთია:
- Ethereum — 783,7 დოლარი,
- Bitcoin Cash — 3,05 ათასი დოლარი,
- Ripple — 1,23 ათასი დოლარი.
კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია, იგივე CoinMarketCap-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 615,515 მლრდ დოლარს შეადგენს, საიდანაც ბიტკოინის წილად კრიპტოვალუტის მთლიანი ბაზრის 45% მოდის.