BBC-ზე მერაბ ნინიძის მონაწილეობით ტელესერიალი McMafia იწყება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მინისერიალი კრიმინალური თრილერის ჟანრშია გადაღებული და სულ რვა ეპიზოდს მოიცავს

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლის 1 იანვარს ბრიტანული ტელეარხი BBC One-ის ეთერში ახალი ტელესერიალი McMafia („მაკმაფია") იწყება, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

კრიმინალური დრამა მიშა გლენის ბესტსელერის McMafia: Crime without Frontiers ტელეადაპტაციაა, რომელიც გლობალური დანაშაულის გამოძიებასა და მის ყოვლისმომცველ ზეგავლენას ეხება. სერიალის სცენარი ჰუსეინ ამინმა დაწერა, რეჟისორი კი ჯეიმს უოტკინსია.

„გადაღება გაგრძელდა ერთ წელს. სცენარი ძალიან ავთენტურია, ცხოვრებასთან ახლოს უნდოდათ ამ ყველაფერის გაკეთება. მაფიოზების, არა როგორც კარიკატურული ფიგურების, ან როგორც უარყოფითი, საზოგადოებისგან განდევნილი ხალხის წარმოჩენა, არამედ მათი ადამიანური ფაქტორი უფრო აინტერესებდათ რეჟისორებს. მეც ერთ-ერთ ასეთ ადამიანს ვთამაშობ", — ამბობს ნინიძე.

სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიაზეა. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულიდან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს, თუმცა, წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

მთავარი გმირი ალექს გუდმანი (ჯეიმს ნორტონი) რუსი ემიგრანტების შვილია, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს თავისი ოჯახის მაფიოზურ ჩრდილს, პირადი ბიზნესი წამოიწყოს და ცხოვრება მეგობარ რებეკასთან ერთად დაიწყოს. მაგრამ ოჯახის წარსული თავს ახსენებს და ალექსი იძულებულია დანაშაულებრივ სამყაროში ჩაერთოს, რათა დაიცვას მისთვის საყვარელი ადამიანები. ახალგაზრდას მთელი მსოფლიოს შემოვლა მოუწევს — ლონდონიდან მოსკოვამდე, დუბაი, მუმბაი, აფრიკა, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა… ჩაერთვება საქმეების გარჩევაში, სადაც მექსიკელი ნარკოდილერები კონკურენციას უწევენ პაკისტანელ ნარკოდილერებს, ბალკანელ კონტრაბანდისტებსა და რუსულ მაფიას.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით „ოქროს პალმის რტოს“ პრეტენდენტია

სერიალში მთავარ როლს ასრულებენ ჯეიმს ნორტონი, დევიდ სტრეტეირნი, ჯულიეტ რაილენსი, ალექსეი სერებრიაკოვი, მარია შუკშინა და ფეი მარსეი.

სერიალი ერთდროულად BBC-ი, AMC-ი და Cuba Pictures-ის ერთობლივი ნამუშევარია, პირველი სეზონი რვა ეპიზოდისგან შედგება.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინცი ედვარდი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

2012 წელს ნინიძე სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში „ოქროს ანგელოზით" დაჯილდოვდა („შემოსევა", გერმანია-ავსტრიის ფილმი, რეჟისორი დიტო ცინცაძე).

ყველა ახალი ამბავი
0