კაკო კვანტალიანი: ციხიდან დახსნილი უდანაშაულო აგაჯანა და დედისთვის დამალული სიკვდილი

© Sputnik / Denis Aslanovკინო
კინო - Sputnik საქართველო
გამოწერა

დღეს საქართველოს სახალხო არტისტ აკაკი კვანტალიანის დაბადების დღეა. 

ჯერ კიდევ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა, მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ესტრადის თეატრის ჩამოყალიბება, რამდენიმე სპექტაკლიც კი დადგა.

„მისი გარდაცვალების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში სიჩუმემ დაისადგურა, მოიწყინა თეატრმა და მის ხელოვნებაზე შეყვარებულმა მაყურებელმა. აკაკი კვანტალიანი იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც მარჯანიშვილის თეატრი დიდი ხელოვნების ტაძრად აქცია. მისი ხანმოკლე სცენური სიცოცხლე იყო სახელოვანი, მის მიერ შექმნილი განუმეორებელი, დაუვიწყარი მხატვრული სახეებით გაშუქებული. ის იყო დიდი ოსტატი, ჰქონდა იუმორისა და იმპროვიზაციის თანდაყოლილი ნიჭი, თანაც ბასრი ენის პატრონი იყო“ — წერდა ვერიკო ანჯაფარიძე. 

ქართულ კინოში 30 როლი ითამაშა, პირველი 1933 წელს, უკანასკნელი — 1967 წელს. მათ შორის მაყურებელს განსაკუთრებულად ახსოვს ფილმები მისი მონაწილეობით; მეზობელი „დარიკოში“, მენახშირე მიტუა „მაგდანას ლურჯაში“, დევი „ცისკარაში“, ბერიკა „მაია წყნეთელში“, მაგრამ მსახიობის კინოშემოქმედების მწვერვალი უდავოდ იყო ვარდენი „უდიპლომო სასიძოში“.

მსახიობის შვილი, გელა კვანტალიანი, მამას ასე იგონებდა: „არაჩვეულებრივი თამადა იყო და ბევრსაც სვამდა. ღვინის სმა გვიან დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მუცლის ტიფი დაემართა. ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს. ბიძაჩემი მის სანახავად საავადმყოფოში რომ მივიდა, პალატაში აღარ დახვდა, მომაკვდავებთან გადაეყვანათ. ბიძაჩემმა ისეთი ჩხუბი ატეხა, ექიმებმა მამა პალატაში დააბრუნეს, ყურადღება მიაქციეს და გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, მაშინ დაიწყო სმა. ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. ბევრი სანერვიულო შეხვდა, რის გამოც დიაბეტი დაემართა, ჯანმრთელობა შეერყა. გულის შეტევა პირველად თბილისში მოუვიდა, მეორედ – ქუთაისში, მესამედ კი წყნეთში დაემართა“.

1967 წლის ზაფხულში, აკაკი კვანტალიანი წყნეთში, აგარაკზე ავიდა. 27 ივლისს შეუძლოდ გახდა, წნევამ აუწია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც ვეღარ უშველა. მეორე დილით 59 წლის მსახიობი თბილისში ინსულტით გარდაცვლილი ჩამოასვენეს. 

სრულიად განსაკუთრებული იყო მსახიობის დამოკიდებულება დედის მიმართ, განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და სიყვარულს არ იშურებდაო. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკაკი კვანტალიანმა ასე დაიბარა: თუ დედაჩემზე ადრე მოვკვდი, ჩემი სიკვდილი არ გააგებინოთ. ამას სჯობს, სადმე შორს ვეგონო წასულიო. მართლაც, 90 წელს გადაცილებულ მოხუცს ორი წლის განმავლობაში უმალავდნენ შვილის სიკვდილს. როდესაც უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, სულ კაკოს ხსენებაში იყოო. ბოლოს, სიმართლე უთხრეს. მომაკვდავ ქალს ღაწვზე ცრემლი ჩამოუგორდა და რამდენიმე საათში სულიც განუტევა…

აკაკი კვანტალიანი ყველასაგან გამორჩეული იყო თავისი ნიჭით, კეთილშობილებით, გაჭირვებულის დახმარების სურვილით. გასაოცარი იუმორი ამშვენებდა პირად ცხოვრებაშიც. მრავალთაგან მხოლოდ ერთს გავიხსენებთ:

დილაობით კვანტალიანთან მემაწვნეს მაწონი მიჰქონდა. ერთხელ საწყალმა ქალმა ტირილით უამბო, რომ მისი შვილი ჩხუბში სრულიად შემთხვევით მოხვდა, დამნაშავის ნაცვლად მას სტაცეს ხელი და ციხეში ამოაყოფინეს თავი. შეწუხდა მსახიობი. სასწრაფოდ ტელეფონთან მივიდა, ყურმილი აიღო და შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეს, პოეტ გრიგოლ აბაშიძეს დაურეკა, დახმარება სთხოვა, თუმცა მისგან თავაზიანი უარი მიიღო.

გაბრაზდა აკაკი კვანტალიანი, ვის აღარ მიადგა, ვის აღარ სთხოვა დახმარება, მაგრამ ყველა ისევ გრიგოლ აბაშიძესთან გზავნიდა. ისიც ხშირად აკითხავდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, უხსნიდა, დაკავებული არაფერ შუაშია, უნდა გაათავისუფლოთო.

რომ ვერაფერს გახდა, ყოველ დილით, ზუსტად 7 საათზე, დაიწყო ტელეფონზე დარეკვა, აღვიძებდა გრიგოლ აბაშიძეს, ეტყოდა ბიჭის სახელს — "აგაჯანა" და ცივად უკიდებდა ყურმილს. 6 თვე ჯვარს აცვა პოეტი, მაგრამ იმდენი ქნა, 6 თვის შემდეგ მაინც გამოაშვებინა უდანაშაულო აგაჯანა…

დღეს ამ ჭეშმარიტად სახალხო არტისტის დაბადების დღეა, მას 110 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0