თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები გაასაჯაროვა.
ნიგურიანი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.
საკრებულოს დეპუტატის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, დეპუტატი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
„წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დეპუტატი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 108ე და 236-ე მუხლები) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.