თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ჩინეთში გამართულ გამოფენა-ფორუმზე China international Spirits Culture Festival 2017 საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი, რომელშიც საქართველო საფრანგეთთან ერთად საპატიო ქვეყნის სტატუსით იყო მოწვეული, სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში (Yibin) გაიმართა. ფორუმზე საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი წარმოადგნდა.
ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, სიჩუანის პროვინციის გუბერნიისა და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, აბრეშუმის გზის პროექტ „ერთი გზა ერთი სარტყელის" ფარგლებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, ასევე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიებში.
გიორგი სამანიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შესახებ უამბო.
ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ კომერციულ პირებთან გამართა, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.