თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით 25 დეკემბრამდე გადადეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 დეკემბერს ბოლო მოსმენა უნდა გამართულიყო, რის შემდეგ მოსამართლეს სააკაშვილისთვის პირველი განაჩენი უნდა გამოეტანა. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს არ ენდობა და 14 დეკემბერს დაქირავებულ ადვოკატებს აცილება მისცა.
დასკვნით მოსმენაზე სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე სხდომის 15 იანვრამდე გადადების შუამდგომლობით გამოვიდა, რადგან საქმის 10 ტომის შესწავლა ვერ მოასწრო. თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ მისი შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„თქვენი აზრით, კიდევ რამდენი დრო გჭირდებათ, ვინ უნდა დაადგინოს. მომდევნო სხდომას დავნიშნავ 25 დეკემბერს და იმედს გამოვთქვამ, რომ ასე ოროსანი ბავშვივით აღარ ადგებით, რომ მოუმზადებელი ვარ მოსული“, — განაცხადა მოსამართლე არევაძემ.
ადვოკატმა მოსამართლის პრეტენზიები არ მიიღო.
„საკმარისი არ არის ეს ვადა და იმიტომაც ვითხოვდი, რომ 15 იანვრისთვის გადადებულიყო აღნიშნული სხდომა… არ ვიცი, რატომ მიაჩნიათ, რომ ჩემ მიერ მოთხოვნილი ვადა ეს არის პროცესის გაჭიანურება, ვერ გეტყვით“, — განაცხადა ადვოკატმა.
სააკაშვილს ბრალად ედება, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს მან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ორჯერ შეუმცირა სასჯელის ვადა 2007 წელს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ მსჯავრდებულ თანამშრომელს. ესენი იყვნენ: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე. ამის შემდეგ მსჯავრდებულები ვადამდე პირობითად გაათავისუფლეს.
სააკაშვილს განაჩენის სახით ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით ემუქრება.
2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა.