თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ბრალდების საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, 5000-5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 22 დეკემბერს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი, ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები — ზაზა მაჩალაძე და ძმები ირაკლი და დავით ბერიშვილები.
ბრალდებულებს კვარაცხელიას, მაჩალაძესა და ბერიშვილებს ბრალად ედებათ კომერციული მოსყიდვა, ხოლო ბრალდებულ თემურ დათიკაშვილს გამოძიება ჯგუფურად, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას ედავება.
უწყების ინფორმციით, 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა ვინმე დავით დ.-სთვის წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილმა, ვაჟა კვარაცხელიამ, ზაზა მაჩალაძემ, დავით ბერიშვილმა და ირაკლი ბერიშვილმა მოთხოვნილი თანხა — 36000 ლარი დავით დ.-ს გამოართვეს და გაინაწილეს.
ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ კვარაცხელიას, მაჩალაძესა და დათიკაშვილის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. რაც შეეხება ძმებ ბერიშვილებს, სასამართლომ მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება — გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით შეარჩია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 8 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.